Mark Twain (1835-1910)
მარკ ტვენი (1835-1910)

როგორ ვიყრიდი კენჭს საქართველოს (ჯორჯიის) შტატის გუბერნატორის პოსტზე
(ადაპტირებული თარგმანი)

ინგლისურიდან თარგმნა ადვოკატმა კახაბერ როდინაძემ

რამდენიმე თვის წინ საქართველოს (ჯორჯიის) შტატის გუბერნატორის პოსტზე მისტერ მიხეილ სააკაშვილთან და მისტერ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მეც წამოვაყენე ჩემი კანდიდატურა. მისტერ მიხეილ სააკაშვილი 44 წლის განმავლობაში იყო საქართველოს (ჯორჯიის) შტატის ხან პრეზიდენტი და ხან პრემიერ-მინისტრი, ხოლო მისტერ ბიძინა ივანიშვილთან იმავე 44 წლის განმავლობაში უკვე ტრილიარდელი გახდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ არჩევნებში გამარჯვებისთვის გაცილებით მეტი შანსი მქონდა, ვიდრე მისტერ მიხეილ სააკაშვილს და მისტერ ბიძინა ივანიშვილს. აშკარა იყო, რომ ამ ჯენტლმენებს საკმაოდ შელახული რეპუტაცია ჰქონდათ. საკმარისი იყო გაზეთებისთვის თვალის ერთი გადავლებაც კი იმის მისახვედრად, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ ჯენტლმენებს უამრავ სამარცხვინო დანაშაულში მიუძღოდათ ბრალი.

რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ვსაუზმობდი და თან ჩვეულებისამებრ გაზეთებს ვათვალიერებდი, ერთ-ერთ გაზეთში შემთხვევით საშინელი სტატია აღმოვაჩინე. უნდა გითხრათ, რომ მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არასდროს ვყოფილვარ ასეთი გაკვირვებული და აღშფოთებული. სტატიის ავტორი მთხოვდა მომეთხრო, თუ როგორ ვცდილობდი ვიღაც საწყალი ქალის გაძარცვას და როგორ მცნო დამნაშავედ ქალაქ მიხეილთაუნის სასამართლომ 34 მოწმის ჩვენების საფუძველზე. ეს იყო შემაძრწუნებელი, საშინელი ბრალდება. არასდროს ვყოფილვარ ქალაქ მიხეილთაუნში! მეტიც, დღემდე ასეთი ქალაქის არსებობის შესახებ არც კი ვიცოდი!

მეორე დღეს უკვე სხვა გაზეთს უნდოდა, რომ ახალ კანდიდატს გუბერნატორის პოსტზე აეხსნა ამომრჩევლებისთვის, თუ დროდადრო როგორ კარგავდნენ ამ ახალი კანდიდატის ამხანაგი მუშები ქალაქ ჭორვილადან პატარა, მაგრამ ძვირადღირებულ ნივთებს და ყოველთვის როგორ პოულობდნენ მათ რატომღაც მისტერ კახაბერ როდინაძესთან.

მოგვიანებით სხვა გაზეთმა მიანიშნა, რომ მისტერ კახაბერ როდინაძეს სხვა კიდევ უფრო სამარცხვინო დანაშაულებებში მიუძღოდა ბრალი და ასე გრძელდებოდა დღიდან დღემდე მანამ, სანამ ამ სამარცხვინო ბრალდებებზე ჩემი მხრიდან “პასუხის გაცემის” მოთხოვნის გამო საშინელი ხმაური არ ატყდა. იმდენად საშინელი ხმაური, რომ ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის ორგანიზატორები იძულებულები გახდნენ განემარტათ ჩემთვის, რომ თუ ჩემი პოლიტიკური ოპონენტები კიდევ უფრო კატეგორიულად მოითხოვდნენ “პასუხის გაცემას”, მაშინ ჩემი დუმილი პოლიტიკური კრახის ტოლფასი იქნებოდა. და თითქოს ამის დასადასტურებლად შემდეგ დღეს ერთ-ერთ გაზეთში გამოჩნდა სტატია სათაურით:

– ”შეხედეთ ადვოკატ კახაბერ როდინაძეს! ის კვლავ დუმილს ამჯობინებს! რატომ? იმიტომ, რომ მას არაფერი აქვს სათქმელი!”

უკან დახევა უკვე აღარ შეიძლებოდა. ამ უსაფუძვლო ბრალდებების უარსაყოფად საგაზეთო სტატია უნდა დამეწერა. მაგრამ საგაზეთო სტატია ჯერ დამთავრებულიც კი არ მქონდა, რომ მეორე დღეს უკვე სხვა გაზეთმა დამადანაშაულა საავადმყოფოს დაწვაში შიგ მყოფი ყველა ავადმყოფით და საკუთარი ბიძის მოწამვლაში.

და ბოლოს, მთელი ამ უსირცხვილო კამპანიის მწვერვალი: საჯარო მიტინგზე გამოსვლისას ჩემთან მოირბინა ცხრა პატარა თეთრკანიანმა და შავკანიანმა ბიჭუნამ და გოგონამ, შემომეხვივნენ ირგვლივ და დამიწყეს ძახილი:

– “მამა! მამა!”

მაშინ კი დავნებდი. დავინახე, რომ აშკარად არ შევესაბამებოდი საარჩევნო კამპანიის მოთხოვნებს საქართველოს (ჯორჯიის) შტატში და მოვხსენი ჩემი კანდიდატურა საქართველოს (ჯორჯიის) შტატის გუბერნატორის პოსტზე არჩევნებიდან.

ასე დამთავრდა ჩემი პოლიტიკური კარიერა.