საქართველო — არადემოკრატიული დემოკრატია

ლევან ნასრაშვილი

09-04-2011

არის თუ არა საქართველოში დემოკრატია? NDI-ის კითხვას გამოკითხულთა 39%-მა დადებითად უპასუხა, 17%-მა არ იცის, ხოლო 44%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. კვლევის შედეგებმა ორად გაყოფილი ქართველი საზოგადოების ორივე ნაწილის მოლოდინი გაამართლა. ადამიანებმა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საქართველო ვითარდება, კვლევის შედეგები ქვეყნის წარმატებად აღიქვეს, რადგან გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. მეორე მხრივ, საზოგადოების მეორე ნაწილს, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანა რეგრესის გზას ადგას, კიდევ უფრო განუმტკიცდა აზრი, რომ საქართველო არადემოკრატიული ქვეყანაა, რადგან, როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა უმრავლესობას, 44%-ს, მსგავსი შეხედულება აქვს.

ასე რომ, კვლევის შედეგებით აპელირება ორივე მხარეს შეუძლია, თუმცა ფაქტია, რომ მსგავს კვლევებზე დაყრდნობით, რომელიმე ქვეყნის ცალსახად დემოკრატიულად ან არადემოკრატიულად შეფასება არასწორია, რადგან ეფუძნება იმ ადამიანთა აზრს, რომელთა უმრავლესობამაც არ იცის, თუ რას ნიშნავს დემოკრატია. მაგალითად, იგივე კვლევის შემდეგ კითხვაზე — „რას ნიშნავს თქვენთვის დემოკრატია?“ გამოკითხულთა 24%-მა უპასუხა, რომ მათთვის დემოკრატია „სამუშაო ადგილების“ შექმნას ნიშნავს, ხოლო 6%-სთვის დემოკრატია „სხვადასხვა პროდუქტების შეძენის შესაძლებლობასთან“ ასოცირდება. ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა არ იცის რა არის დემოკრატია. აქედან გამომდინარე, NDI-ის კვლევის მიხედვით „ქართული დემოკრატიის“ შეფასება არასწორი იქნება.

მიუხედავად ამისა, NDI-ის ბოლო კვლევამ შედეგი გამოიღო — ქვეყანაში დემოკრატიის არსებობა-არსებობის საკითხისადმი საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა, თუმცა, სამწუხაროდ, მასზე კონკრეტული, არგუმენტირებული, პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს. სწორედ ამიტომ, სავარაუდოდ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის საინტერესო იქნება იმის განხილვა, თუ რა კრიტერიუმებით ხდება ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიულად თუ არადემოკრატიულად შეფასება, რაც, თავის მხრივ, „ქართული დემოკრატიის“ ხარისხის შეფასების საშუალებას მოგვცემს.

რამდენი განსხვავებული დემოკრატიული სახელმწიფოც არსებობს, იმდენივეა დემოკრატიის შეფასების კრიტერიუმებიც, თუმცა საქართველოს შემთხვევასთან კრიტერიუმების მისადაგება რთული არ არის. დემოკრატიის შეფასების ყველაზე გავრცელებული და დამაჯერებელი კრიტერიუმები ამერიკელ მეცნიერს რობერტ დალს ეკუთვნის. დალმა „მინიმალური დემოკრატიის“ 7 კრიტერიუმი ჩამოაყალიბა. დალის მიხედვით, რომელიმე ქვეყნის „მინიმალურ დემოკრატიად“ შეფასება მას შემდეგ შეიძლება, რაც იგი შვიდივე კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.

იმის დასადგენად არსებობს თუ არა საქართველოში „მინიმალური დემოკრატია“, ქვეყანაში დღეს შექმნილი სიტუაცია დალის მიერ ჩამოყალიბებული კრიტერიუმების მიხედვით განვიხილოთ.

„ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე საზოგადოება კონტროლის მექანიზმს ფლობს“ — ერთადერთი ბერკეტი, რომლითაც ხელისუფლების კონტროლი ხდება შესაძლებელი არჩევნებია, ანუ როცა მოსახლეობას ეძლევა საშუალება აღარ აირჩიოს ის გუნდი, რომელთაც წინა არჩევნებზე მათთვის მიცემული დაპირებები ვერ შეასრულეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ კრიტერიუმს საქართველო მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს, რადგან მრავალი შეუსრულებელი დაპირების მიუხედავად, მოსახლეობამ მმართველ გუნდს რამდენჯერმე გამოუცხადა ნდობა. რატომ ნაწილობრივ? მმართველი გუნდის ზედიზედ რამდენიმე არჩევნებში გამარჯვება კიდევ რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, სწორედ ამიტომ, ობიექტური დასკვნის გაკეთების მიზნით, უმჯობესია ავღნიშნოთ, რომ კრიტერიუმს საქართველო მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს.

„მმართველი პირები ირჩევიან რეგულარული და სამართლიანი არჩევნების გზით“ — საქართველოსთან მიმართებაში ამ კრიტერიუმის განხილვა რთულია, რადგან საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ მრავალი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. ობიექტური დასკვნის გამოსატანად უმჯობესია დავეყრდნოთ ეუთოს შეფასებებს. ეუთოს დასკვნების შეფასების შემდეგ, ნათელი ხდება, რომ საქართველო ამ კრიტერიუმსაც მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს, რადგან დარღვევების გარეშე საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა (აქ არ იგულისხმება მხოლოდ არჩევნების დღე, არამედ მთლიანი საარჩევნო პროცესი).

„ყველა ზრდასრულ ახალგაზრდას აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება“ და „ყველა ზრდასრულ ახალგაზრდას აქვს უფლება იყოს არჩეული“ — ორი კრიტერიუმის განხილვა არ ღირს, რადგან, ფაქტია, რომ საქართველო ორივე მათგანს სრულყოფილად აკმაყოფილებს.

„მოქალაქეები სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლებით“ — ამ კრიტერიუმის განხილვამ შესაძლოა წინააღმდეგობრივი შედეგები მოიტანოს, რადგან მრავალი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. მიუხედავად ყველაფრისა, შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველო ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს — ასე თუ ისე საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს გამოხატვის თავისუფლება.

„მოქალაქეებს აქვთ ალტერნატიული საინფორმაციო საშუალებების მოძიების უფლება. ასევე, ალტერნატიული საინფორმაციო საშუალებები უნდა არსებობდეს და დაცული უნდა იყოს კანონით“ — საქართველოში საინფორმაციო საშუალებების კუთხით რთული სიტუაციაა. ერთი შეხედვით არსებობს დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, თუმცა, როგორც NDI-ის კვლევამ აჩვენა, მოსახლეობის 87% ინფორმაციას აშკარად პროსახელისუფლებო ტელეკომპანიების საშუალებით იღებს, რაც ძირითადად გამოწვულია იმით, რომ მათ ალტერნატიულ საინფორმაციო საშუალებების გამოყენების საშუალება არ აქვთ. ამ კუთხით თბილისში არსებული მდგომარეობა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით რეგიონებზე. შესაბამისად, ამ კრიტერიუმსაც საქართველო მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს.

„მოქალაქეებს აქვთ უფლება ჩამოაყალიბონ დამოუკიდებელი ასოციაციები, ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები თუ ინტერესთა ჯგუფები“ — შეიძლება ითქვას, რომ ამ კრიტერიუმს საქართველო აკმაყოფილებს. ამაზე მეტყველებს საქართველოში შექმნილი უამრავი პოლიტიკური პარტია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია.

ასე რომ, „მინიმალური დემოკრატიის“ 7 აუცილებელი კრიტერიუმიდან სრულყოფილად საქართველო მხოლოდ ოთხს აკმაყოფილებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, იმისთვის, რომ ქვეყანა „მინიმალურ დემოკრატიად“ შეფასდეს შვიდივე კრიტერიუმი სრულყოფილად უნდა დააკმაყოფილოს.

http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=2344&Itemid=1