ეძღვნება საქართველოს უნივერსიტეტების ქართული ენის კათედრებს

საქართველოს განათლების სისტემის რეფორმა
(პროექტი)

1976 წელს მოსკოვში, კრემლის ყრილობათა სასახლეში გამართულ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XXV ყრილობაზე სიტყვით გამოსულმა საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველმა მდივანმა ამხანაგმა ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძემ საზეიმოდ განაცხადა, რომ საქართველო ყოველ 10000 ადამიანზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. დაუყოვნებლივ, თუ 1991 წლამდე საქართველო ცხოვრების დონით ყოფილი კავშირის 15 რესპუბლიკას შორის ერთ-რთ პირველ ადგილზე იდგა, 1991 წლის შემდეგ ბოლო, მეთხუთმეტე ადგილზე გადაინაცვლა. თუ 1991 წლამდე საქართველოში სულ ოციოდე უმაღლესი სასწავლებელი იყო, 1991 წლის შემდეგ უკვე ოთხასამდე გაიხსნა, ყოველი საშუალო სკოლის შენობაში – ერთი მაინც. თუ 1991 წლამდე უმაღლესი განათლება საქართველოში უფასო იყო, 1991 წლის შემდეგ უმაღლესი განათლების სისტემა ამერიკულს დაემსგავსა – ფასიანი გახდა.
1991 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მხოლოდ ერთი არ შეცვლილა – ყოველ 10000 ადამიანზე უმაღლესი განათლების დიპლომის მქონე უვიცების რაოდენობა. საინტერესო ის არის, რომ უმაღლესი სასწავლებლების რიცხვი არითმეტიკული პროგრესიით იზრდებოდა, ხოლო უვიცების რაოდენობა უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს შორის – გეომეტრიული პროგრესიით.
უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულები უვიცები «ვიცი-ვიცი»-ის ძახილით მთელ ხელისუფლებას მოედვნენ, მათ შორის განათლების სამინისტროსაც. უვიცმა «ვიცისტებმა» ყველაფერი თავდაყირა დააყენეს, დაწყებითი სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები ელემენტარული მათემატიკის სწავლას ლამისაა პირდაპირ უმაღლესი მათემატიკის «სწავლით» იწყებენ, მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლას – 1500 წლის წინ არსებული მკვდარი ენების «სწავლით». შედეგად ვეღარც ელემენტარულ მათემატიკას სწავლობენ და ვეღარც უმაღლეს მათემატიკას, ვეღარც მკვდარ და ვეღარც ცოცხალ ენებს.
ერთი სიტყვით, ექვსი წლის ბავშვი აშკარად არ არის მზად დაწყებითი სკოლის არსებული პროგრამის დასაძლევად, მეორე მხრივ, არც თვითონ უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულების ცოდნის დონე განსხვავდება დიდად დაწყებითი სკოლის პირველკლასელი მოსწავლეების ცოდნის დონისგან. ვფიქრობ, განათლების სისტემაში დღეს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია საქართველოს განათლების სისტემის რეფორმა, კერძოდ:
1. ექვსი წლის ბავშვი ჯერ უმაღლეს სასწავლებელში იგზავნება, სადაც მას შეუძლია გაწევრიანდეს სტუდენტურ კავშირებში, სპორტულ სექციებში, მონაწილეობა მიიღოს მიტინგებსა და დემონსტრაციებში. უმაღლეს სასწავლებელში ბავშვს უბრალოდ არ აქვს დრო სწავლისთვის. ერთი სიტყვით, ეს საუკეთესო ადგილია ექვსიდან ათ წლამდე ასაკის ბავშვისთვის.
2. უმაღლეს სასწავლებელში ოთხწლიანი გართობის შემდეგ ბავშვი უკვე მზად არის საშუალო სკოლაში სწავლისთვის. რეჟიმი საშუალო სკოლაში უფრო მკაცრია, ვიდრე უმაღლეს სასწავლებელში, ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ მკაცრი წერა-კითხვის ელემენტარული ჩვევების შესაძენად მაინც. თუმცა ბავშვს, რა თქმა უნდა, აქაც შეუძლია ხშირად გააცდინოს გაკვეთილები, მაგრამ ამასთან ერთად საშუალო სკოლა უკვე იძლევა იმის განცდას, რომ ცხოვრება არ არის მხოლოდ გართობა და უკვე საჭიროა მომავალზე სერიოზული დაფიქრება. ბავშვი უკვე აცნობიერებს, რომ საჭიროა მომზადება დაწყებით სკოლაში გამოცდების ჩასაბარებლად. დაწყებით სკოლაში ადგილები, როგორც ცნობილია, შეზღუდულია.
3. უმაღლეს სასწავლებელში გართობისა და საშუალო სკოლაში გატარებული სასიამოვნო წლების შემდეგ ბავშვი უკვე საკმაოდ მომზადებულია დაწყებითი სკოლის მკაცრ სამყაროსთან შესაგუებლად. აქ უკვე აღარ არის არავითარი სტუდენტური კავშირები, არავითარი სპორტული სექციები, არავითარი მიტინგები, არავითარი დემონსტრაციები. ერთი სიტყვით, არაფერი, რაც ბავშვს სწავლისგან მოაცდენს. გარდა ამისა, მართალია, დაწყებით სკოლაში ფიზიკური დასჯა კანონით კი იკრძალება, მაგრამ მასწავლებლები დროდადრო მაინც იყენებენ ხოლმე აღზრდის ამ ტრადიციულ მეთოდს. ერთი სიტყვით, ეს არის ოთხწლიანი განუწყვეტელი დაძაბული მუშაობა და ბავშვისგან არავინ არავითარ გამამართლებელ საბუთს უკვე აღარ იღებს. დაწყებითი სკოლის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატის მიღება ყოველი ბავშვის სანუკვარი ოცნება ხდება.
4. ვინც ბაკალავრის ხარისხის მიღებას გადაწყვეტს, უნდა ჩააბაროს მისაღები გამოცდები საბავშვო ბაღში.
განათლების სისტემის შემოთავაზებული რეფორმა ძირეულად ცვლის საქართველოში დღეს არსებულ მდგომარეობას. ჩნდება კითხვა, არის საქართველო მზად ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმისათვის? დიახ, რა თქმა უნდა, არის. მეტიც, იმ ექსპერიმენტების შემდეგ, რაც 1991 წლის შემდეგ განათლების სისტემამ და მთლიანად საქართველომ გადაიტანა, მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას: საქართველო ყველაფრისთვის მზად არის.

ადვოკატი კახაბერ როდინაძე