რა არის ჯარი

ჯარი, ანუ სამხედრო სამსახური — ეს არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სამხედრო სამსახურის ორი სახე არსებობს — სავალდებულო და საკონტრაქტო.
სამხედრო სავალდებულო სამსახური

სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა ევალება საქართველოს ყველა მოქალაქეს, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ მუდმივად იმყოფება და ცხოვრობს საქართველოში. სავალდებულო სამსახურში იწვევენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა წელიწად ნახევარია, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია გააფორმოს ხელშეკრულება და გააგრძელოს სამსახური პროფესიულ ჯარში.
ჯარში გაწვევა არ ეხებათ ქალებს. ისინი სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან მხოლოდ პირადი ნება-სურვილისა და წერილობითი განცხადების საფუძველზე.
საკონტრაქტო სამხედრო სამსახური

პირს, რომლესაც მოხდილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური და ჩარიცხულია რეზერვში სურვილის შემთხვევაში შესაბამისი შერჩევის შემდეგ შეუძლია გააფორმოს ხელშეკრულება (კონტრაქტი). ამის შემდეგ იგი ჩაირიცხება საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში. კონტრაქტის მოქმედების ვადა ოთხი წელია, სამხედრო მოსამსახურის საშუალო ხელფასი კი 400 ლარი. თანხის რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობის და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.
კონტრაქტის გაფორმება შეუძლია იმ პირსაც, რომელიც სარგებლობს კანონით დადგენილი შეღავათით და გადავადებული აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა.
საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა შესაძლებლობა აიმაღლოს პროფესიული მომზადების დონე ამერიკელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით, აითვისოს უცხო ენა და მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო ოპერაციებში (კოსოვოსა და ერაყში).
საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეებს ეძლევათ ხელფასის ორმაგი ოდენობა, დანამატი და სამივლინებო თანხები.
როგორ მოვხვდეთ ჯარში.
1. თუ თქვენ უკვე შეგისრულდათ 18 წელი, კანონმდებლობის შესაბამისად ავტომატურად გაწვეული იქნებით სამხედრო სავალდებულო სამსახურში.

2. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მოსახვედრად რეზერვში მყოფმა მოქალაქემ ან სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფმა ჯარისკაცმა საკუთარი სურვილით უნდა შეავსოს სპეციალური განცხადების ფორმა და გადააგზავნოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის j-1-ის პირადი შემადგენლობის (კადრების) დეპარტამენტში.

3. თუ თქვენ გადაწყვიტეთ იმსახუროთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, შეავსეთ მოცემული განცხადების ფორმა და გადმოაგზავნეთ ინტერნეტის საშუალებით.