ოქრუაშვილის გენერლების შეცდომებს დღეს რიგითი ჯარისკაცები იმკიან…

30.06.2008
საბა წიწიკაშვილი, გორი

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქალბატონის უცნაური საუბარი მომესმა, თავის ჯარისკაცი შვილის გასაჭირზე საუბრობდა: ,,როგორ გადავიხადო 24 000 ლარი, სახლი დამიყადაღეს, რისთვის გავგზავნე შვილი ერაყში… ორ ლუკმას შოულობს ჯარში, ახლაც იქ მუშაობს, არასოდეს შექმნია პრობლემები, მეთაურთანაც, ჯარისკაცებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. ახლა სასამართლოში გვიჩივიან, ადვოკატის ფულიც არ მაქვს, რომ თავი დავიცვათ. სახლი უკვე დამიყადაღეს» — თვალცრემლიანი უყვებოდა ამ ამბავს ჯარისკაცის დედა გვერდით მჯდომს.

ჯარისკაცის დედას ხელში სასამართლოს განჩინება ეჭირა, განჩინებაში გორის მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი წერს: — ,,სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე დაუყოვნებლივ დაედოს ყადაღა ჯარისკაც მანძულაშვილის ქონებას, რადგან არ მოახდინოს მისი გაყიდვა»…იქვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მადლობის სიგელი მომხვდა თვალში: ,,მადლობის სიგელი კაპრალ მ……შვილს ერაყში ალ-კუტის ჯარში მიღებული გმირული მონაწილეობის გამო»…

მას ყველაზე მეტად სასამართლოდან მიღებული ფურცელი აწუხებდა, რომელიც იუწყებოდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრის გაცნობიდან 10 დღის ვადაში მოპასუხეს შესაგებელის წარდგენის უფლება ჰქონდა.

მართლაც რომ კურიოზია, თან მადლობას გიხდიდნენ, 2008 წელს ერაყში მამაცობისთვის და თან საჩივარს გიწერდნენ, 2006 წელს ჯარში კონტრაქტი დაარღვიე, გორის ბატალიონიდან გაიქეციო და გარიცხული ხარო…

,,8 დღე გავიდა უკვე რაც უწყება ჩავიბარეთ, ალბათ, ორ დღეში ყველაფერი დამთავრდება, სახლსაც გამიყიდიან, 24 000 ლარს რომ ვერ გადავიხდი, ჩემს შვილს დაიჭერენ? ვამაყობდი სოფელში, რომ სამშობლოსათვის გმირს შვილს ვზრდი მეთქი, მაგრამ ახლა რა ვთქვა? ვის რა შევჩივლო?» — არ ცხრებოდა ჯარისკაცის დედა.

გორელი ჯარისკაცების გაჭირვების ამბავი გუბერნატორის ყურამდეც მივიდა. ლადო ვარძელაშვილი და თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ახლობლები არიანო, მაგრამ ვარძელაშვილს უთქვამს, რახან სასამართლოშია საქმე, ესე იგი ,,დახურულია», მორჩა ყველაფერიო… თუმცა რას ნიშნავდა დახურული საქმე, ცოტა გაუგებარი დარჩა…

პირველ რიგში ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” შიდა ქართლის ოფისმა ქუთაისის ბატალიონიდან ჯარისკაცი რამაზ მ…..შვილის შვებულებაში გამოშვება მოითხოვა, საჭიროების გამო აუცილებელი იყო ჯარისკაცის შვებულებაში ყოფნა, რადგან სასამართლოში შესაგებელი სარჩელის მომზადებაში მისი ჯარსგარეთ ყოფნა იყო საჭირო შესაბამისად, სასამართლოში დავაყენეთ საკითხი იმის შესახებ, რომ შესაგებლის წარდგენის 10 დღიანი ვადა გადაგვეწია, რადგან ჯარისკაცი მანამდე ფიზიკურად ვერ შეძლებდა შესაგებლის მომზადებაში მონაწილეობის მიღებას.

ამის შემდეგ შევუდექით საქმეს და გავარკვიეთ ისიც, რომ გორის ბატალიონიდან 2006 წელს კიდევ 35 ჯარისკაცი ყოფილა ,,გაქცეული»…მათი საქმეც სასამართლოში ყოფილა. სასამართლომაც დაადგინა, რომ ჯარისკაცების ხელფასის 20%-ი სახელმწიფომ ჯარიმის სახით დაიტოვოს.

მაგრამ სინამდვილეში, გორის ბატალიონიდან არავინ გაქცეულა. უბრალოდ ერთი ბატალიონიდან მეორეში გადასვლა მაშინ რატომღაც ჯარიდან გაქცევად მონათლეს და თითო ჯარისკაცს დღეს ჯარიმის სახით 14 000 ლარის გადახდაც უწევს.

კაპრალ რამაზ მ….შვილს ბედმა ცოტა გაუღიმა, რადგან ქართული ჯარის წინაშე მოვალეობას, როგორც ყოველთვის პირნათლად ასრულებდა, მისი საბუთების მოძებნის შემდეგ დავრწმუნდით იმაში, რომ კაპრალი ორი წლის წინ ქართულ ჯარში არსებული უდისციპლინობის, ქაოსის და მოუწესრიგებელი ატმოსფეროს მსხვერპლი გამხდარა… ორი წლის წინ მომსახურე უპასუხისმგებლო მეთაურების და ოფიცრების დაუდევრობის ,,განტევების ვაცად» იქცა.

წინ იმდენად აბურდული საქმე დაგვხვდა, როგორც ჩანს, თვით ზემდგომ ორგანოებს უჭირთ ამ ყველაფერში გარკვევა.

პირველი კითხვა, რაც ჩნდებოდა ჯარისკაცის დედის ნაამბობიდან, ის იყო, თუ როგორ აღმოჩნდა ერაყის სამშვიდობო ბატალიონში კაპრალი მანძულაშვილი 2007 წლის ივლისიდან 2008 წლის 25 იანვრამდე თუკი მან 2006 წლის სექტემბერში კონტრაქტი დაარღვია და ჯარიდან დაითხოვეს?

სასამართლო….

გორის სასამართლოში სოფელ ზეღდულეთის მკვიდრ რამაზ მ…..შვილს სამინისტრო 2005 წელს დადებული კონტრაქტის დარღვევის ბრალდებით 24 000 ლარს ედავება. რამაზ მანძულაშვილი 2003 წლიდან დღემდე თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილებში მსახურობს, ერაყიც მოიარა, 2008 წლის 25 იანვარში ალ-კუტის პროვინციიდან ქებულის წოდებაც ჩამოიტანა…

მიმდინარე წლის 7 მაისს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ ჯორბენაძემ კაპრალ ანზორ მანძულაშვილის მიმართ ადმინისტრაციული საჩივარი გორის სასამართლოში შეიტანა. თავდაცვის სამინისტროსა და კაპრალს შორის არსებულ დავის საგანს ჯარიმის სახით თანხის ანაზღაურება, საჯარიმო თანხიდან გამომდინარე, 2006 წლიდან არსებული პირგასამტეხელოს ანაზღაურება და ზოგადად ზიანის გადახდა, (სულ 24 000 ლარი) წარმოადგენს.

ჯარში…

როგორც მესამე ქვეითი ბრიგადის ცალკეული საინჟინრო ასეულის მეთაური კაპიტანი ზ. ცხადაძე იუწყება, კაპრალი რამაზ მ…..შვილი შეიარაღებულ ძალებში 2003 წლიდან მსახურობს. ჩვენი ინფორმაციით, სამხედრო-საკონტრაქტო სამსახურში მ…..შვილი ოფიციალურად 2006 წლიდან ჩაება, თუმცა საქმეში არსებული მასალების მიხედვით, არსებობს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ორი ბრძანება, რომლითაც კაპრალ მანძულაშვილის 2005 წლიდან სამხედრო-საკონტრაქტო სამსახურში ყოფნა დასტურდება. ერთი — მის დანიშვნას, ხოლო მეორე მოხსნას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯარისკაცის საკონტრაქტო პირობებზე გადაყვანის ბრძანებაზე მოაწერა ხელი, ჯარისკაცს კონტრაქტის სრული პირობებით 2006 წლის სექტემბრამდე არ უმსახურია.

კერძოდ:
2005 წლის 15 მარტის ბრძანებით რამაზ მ…….შვილი სამხედრო-პროფესიულ სამსახურში მიიღეს. ოქრუაშვილის ბრძანებაში წერია: ,,რიგითი რამაზ ანზორის ძე მ……შვილი გაწვეულ იქნას საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნოს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საარტილერიო დაჯგუფების, საარტილერიო ბრიგადის 122 მმ რეაქტიული დივიზიონის (ბმ-21) II რეაქტიული ბატარეის საცეცხლე ოცეულის საცეცხლე გათვლის მემიზნედ სამხედრო წოდება კაპრალის მინიჭებით»…

ოქრუაშვილის ბრძანების პარალელურად იმავე დღეს გენერალ-მაიორმა გ. რევაზიშვილმა რამაზ მ…..შვილთან კონტრაქტი ,,გააფორმა». რამაზ მ….შვილის დედა აცხადებს, რომ მის შვილთან კონტრაქტი 2005 წელს არ ჰქონდა გაფორმებული.

აღნიშნული დასტურდება იმით, რომ 2005 წლის 15 მარტის კონტრაქტზე კაპრალ მ…..შვილის ხელმოწერა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ 6 გვერდიანი კონტრაქტი, რომელზეც მხოლოდ და მხოლოდ მაიორ გ. რევაზიშვილის მიერ ჩანიშნული რეკვიზიტებია და ჯარისკაცის ხელმოსაწერ ადგილზეც რევაზიშვილის ხელნაწერი ჩანს.

სწორედ ამ კონტრაქტის დარღვევაში სდებს ბრალს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული განყოფილების უფროსი.

რეალურად სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ ჯარისკაცმა გორის საარტილერიო ქვედანაყოფში 2006 წლის სექტემბრამდე იმსახურა და შემდეგ საინჟინრო ბატალიონში გადავიდა. 2006 წლის მარტის თვეში საარტილერიო მანქანით მოძრაობის დროს ინციდენტი შეემთხვა, ხერხემლის მალის ამოვარდნა დაემართა და სამხედრო ჰოსპიტალში დააწვინეს. მკურნალობა მას დიდი ხანი დასჭირდა. სამხედრო სამსახურში დაბრუნების შემდეგ 2006 წლის 22 სექტემბერს გორის საინჟინრო ბატალიონში გადავიდა სამუშაოდ და უკვე ახალი მინისტრის დავით კეზერაშვილის ბრძანებით საინჟინრო ბატალიონის მესანგრეთა ათეულის ჯგუფის უფროსად გამწესდა.

მას შემდეგ კაპრალმა არაერთი მადლობა დაიმსახურა, 6 თვე ერაყის რესპუბლიკაში ალ-კუტში გაატარა, საიდანაც 2008 წლის 25 იანვარს მადლობის სიგელით დაბრუნდა.

ერაყიდან დაბრუნებულ ჯარისკაცს 2008 წლის მაისში გორის რაიონული სასამართლოდან უწყება მიუვიდა, საიდანაც შეიტყო რომ თავდაცვის სამინისტრო მისგან 24 000 ლარს ითხოვს, ორი წლის წინ კონტრაქტის პირობები დაარღვიეო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადმინისტრაციული საჩივრის დაწერის დროს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის 2006 წლის 8 სექტემბრის ბრძანებას დაეყრდნო. ოქრუაშვილი თავის ახალ ბრძანებაში წერდა: ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საარტილერიო ბრიგადის 122 მმ რეაქტიული დივიზიონის 122 მმ რეაქტიული ბატარეის საცეცხლე ოცეულის საცეცხლე გათვლის მემიზნე კაპრალი რამაზ მ…..შვილი დათხოვნილ იქნას შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 2006 წლის 30 აგვისტოდან»…

ფაქტიურად, ყოფილმა მინისტრმა ოქრუაშვილმა ისე გამოსცა ბრძანება, რომ კაპრალ რამაზ მ…….შვილის ,,ფიქტიურ» კონტრაქტს ყურადღება არ მიაქცა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმ კონტრაქტზე, რომლის დარღვევის გამოც ოქრუაშვილმა კაპრალი სამსახურიდან დაითხოვნა, კაპრალის ხელმოწერა არ არის.

თუკი ოქრუაშვილმა კაპრალი რამაზ მ…..შვილი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გაუშვა, ორ კვირაში იგივე მაიორი გ. რევაზიშვილი კაპრალ რამაზ მ…..შვილს ახალ კონტრაქტს უფორმებს. ამჯერად, ახალ კონტრაქტს კაპრალი ეცნობა და კონტრაქტის 7-ვე გვერდზე ხელს აწერს. ახალი კონტრაქტი თავდაცვის სამინისტრომ 2006 წლის 22 სექტემბერს გაუფორმა მ…….შვილს.

თუკი მანამდე ოქრუაშვილმა კაპრალი შეიარაღებული ძალების საარტილერიო ბატალიონის რიგებიდან ,,შერცხვენილი» გაუშვა, ზუსტად ორ კვირაში საინჟინრო მესანგრეთა ასეულში საიდან მოხვდა კაპრალი? ნუთუ საკმაოდ მცირე დრო, თითქმის ორი კვირა სჭირდება შეიარაღებულ ძალებს, ახალწვეული ისე მიიღოს, რომ მის პირად საქმეს ან კიდევ საბუთებს არ გადახედო? ნუთი მესამე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ბატალიონმა არ მოითხოვა კაპრალ მანძულაშვილის პირადი საქმე საარტილერიო ბატალიონიდან, სადაც აუცილებლად ნახავდნენ მინისტრ ოქრუაშვილის ბრძანებას სამხედრი რიგებიდან მანძულაშვილის გარიცხვის შესახებ?

ამ კითხვებს პასუხი, ალბათ, სასამართლო პროცესზე გაეცემა და რეალურად აეხდება ფარდა იმ გაურკვევლობას, რომელიც ოქრუაშვილის მინისტრობის ხანაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებობდა და რომლის მანკიერ მხარეებს ჯარისკაცები დღემდეგ იმკიან.

დედა: ,,სოფელში უკვე მრცხვენია რა ვთქვა. ხალხმა არ იფიქროს დასაჭერად აქვს საქმეო. ვამაყობდი, საქართველოსთვის და სამშობლოსთვის საამაყო შვილი გამიზრდია მეთქი, მაგრამ არ ვიცი ვისი ბრალია, მაგრამ დღეს სახელმწიფო ჩემს შვილს 24 000 ლარს ედავება, ორი წლის წინ კონტრაქტი დაარღვიეო…იქნებ დამეხმაროთ. თუ ჩემმა შვილმა ორი წლის წინ კონტრაქტი დაარღვია, სად იყვნენ აქამდე? ბიჭი ჯარში დღემდე მსახურობს, თანაც კონტრაქტით, მადლობის წერილები და სიგელები აქვს მიღებული, ერაყიც მოიარა, ჯარისკაცებს შორის სპორტულ შეჯიბრებებში იღებდა მონაწილეობას…სანიმუშოდ იქცეოდა. სასამართლოდან რომ უწყება მომივიდა და წავიკითხე, გონება დამიბნელდა. სახლს ყადაღა უკვე დაადეს. თანხას ვერანაირად გადავიხდი.»

მართლაც, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თეა ძიმისტარაშვილის განჩინებით 27 წლის კაპრალის სახლ-კარს ყადაღა უკვე დაედო. ყადაღის დადება თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა იყო.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის» შიდა ქართლის ოფისმა საქმესთან არსებული მასალების მოძიების შემდეგ დაადგინა, რომ ის კონტრაქტი, რომლის დარღვევისთვის თავდაცვის სამინისტრო კაპრალს ედავება, სინამდვილეში გაყალბებულია. უბრალოდ, თადაცვის სამინისტროს ხელთ აქვს გენერალ-მაიორ გ. რევაზიშვილის მიერ შედგენილი 2005 წლის 15 მარტის კონტრაქტის ასლი, რომელზეც ჯარისკაც მანძულაშვილის ნამდვილი ხელმოწერა არაა.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის» შიდა ქართლის ოფისმა რამაზ მ…..შვილსა და 2006 წლის 22 სექტემბრის საინჟინრო ბატალიონის წარმომადგენელს შორის დადებული კონტრაქტიც მოიძია. 2006 წლის 22 სექტემბრის კონტრაქტზე ჯარისკაც მ…..შვილის ხელმოწერა ყველა გვერდზე დასტურდება, ძველ კონტრაქტზე კი მ……შვილის ხელმოწერა საერთოდ არ ჩანს. გარდა ამისა, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ძველი და ახალი კონტრაქტი გენერალ-მაიორ გ. რევაზიშვილის მიერაა შედგენილი.

დედა: — ,,როგორც ჩანს, ჩემს შვილს პირველი ბატალიონიდან რომ წამოვიდა, იმას ედავებიან, მაგრამ რატომ იმას არ კითხულობენ, რომ საარტილერიოში ხერხემალი დაიზიანა, წამოვიდა, ჯერ ჰოსპიტალში იმკურნალა, შემდეგ ცოტა ხანს სახლში გაწერეს. სამხედრო სამსახურს რომ მიუბრუნდა, საარტილერიოში მისი მსახურება აღარ შეიძლებოდა და საინჟინროში გადავიდა. შევაგროვეთ ყველა საბუთი და 2006 წლის ნოემბრიდან გავიდა კიდეც ჯარში. შემდეგ 6 თვე ერაყში იმსახურა.»

მართლაც, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მიხედვით: ,,სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს გამოიცვალოს სამხედრო სამსახურის ადგილი, თუ ის ან მისი ოჯახის წევრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საჭიროებს სამსახურის (ან საცხოვრებელი ადგილის) შეცვლას»…

ჯარისკაც რამაზ მ……შვილს გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სჭირდებოდა სხვა უფრო, შედარებით მსუბუქი სამსახურის მქონე ბატალიონში გადასვლა. ამდენად, საარტილერიოდან საინჟინრო ქვეით ბრიგადაში 2006 წლის შემოდგომიდან გადავიდა.

მე-3 ქვეითი ბრიგადის ცალკეული საინჟინრო ასეულის მეთაური კაპიტანი ზ. ცხადაძე ასე ახასიათებს კაპრალს: ,,საინჟინრო-ქიმიურ ასეულში სამსახურის პერიოდში იგი გამოირჩევა როგორც აქტიური სამხედრო მოსამსახურე, ყურადღებითა და მონდომებით ეკიდება მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, არის დისციპლინებული სამხედრო მოსამსახურე, მეთაურის ბრძანებებსა და დავალებებს ასრულებს გულმოდგინედ, სწრაფად და ხარისხიანად. პირად შემადგენლობასთან სარგებლოს კარგი ავტორიტეტით.»
http://humanrightsge.org/index.php?a=main&pid=7230&lang=geo