მუხროვანის სამხედრო ბაზა აფხაზეთის ბატალიონის წევრებმა ტყუილის გამო დატოვეს

Apr 2 2008, 05:43 AM

450-მდე სოხუმელი, გაგრელი, ოჩამჩირელი, გუდაუთელი და ზუგდიდელი მამაკაცი, რომლებიც აფხაზეთის ბატალიონის შექმნის იდეით შეიკრიბა, იმედგაცრუებული დარჩა. ოთხწლიანი საკონტრაქტო ხელშეკრულებისა და მაღალი ხელფასის მიღების პირობით მუხროვანში გადაყვანილმა ადამიანებმა სამხედრო ბაზა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი თავს მოტყუებულად და ღირსებაშელახულად მიიჩნევენ. დახმარებისათვის კი მათ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სამეგრელო ზემო-სვანეთის ოფისს მიმართეს.

მუხროვანის სამხედრო ბაზიდან გამოქცეული 15-მდე მამაკაცი „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ იმ დეტალებზე ყვებოდა, რაც მათ სამი დღის განმავლობაში თავს გადახდათ. როგორც ირკვევა, ზუგდიდის ავტოსადგურიდან 16 მარტს სამგზავრო ავტობუსით გასული 450-მდე ადამიანი უკვე 17 მარტიდან მუხროვანს პერიოდულად ტოვებდა. ერთ-ერთი ვერსიით, ამ დროისათვის სამხედრო სამსახური 350-მდე ჯარისკაცმა დატოვა.

მომხდარის შესახებ ეს ადამიანები გულწრფელად ყვებიან, მაგრამ ვინაობის დასახელებას დღემდე ერიდებიან. რამდენიმე მათგანზე სამხედრო პოლიციიდან ზეწოლა და მუქარები უკვე განხორციელდა. ამიტომაც სტატიაში გამოყენებული ინიციალები მხოლოდ პირობითია.

ს.გ.: «გვითხრეს, რომ მეომართა კავშირი იქმნებაო, აფხაზეთში საომრად მოემზადეთო. ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდება და თქვენი ხელფასი 1600 ლარი იქნებაო. ზოგს კი 800 ლარს შეპირდნენ. ზუგდიდში, ცენტრალური ბაზრის წინ ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს. ჩვენს შეკრებას კობა ღურწკაია ხელმძღვანელობდა, რომელიც ბატალიონის მეთაურად გაგვეცნო. მასთან ერთად იმყოფებოდა თამაზ გელანტია, რომელიც ჩვენს გამგზავრებასაც უზრუნველყოფდა. კონტრაქტს ხელი ისე მოვაწერეთ, თითქოს ერაყის ბატალიონის შემადგენლობაში ვიყავით. ბოლოს მინაწერიც ჰქონდა: «აფხაზეთის ბატალიონი». გვითხრეს ნაწილს კოდორის ხეობაში გადაგისვრით, ნაწილს კი პანკისშიო. ბოლოს კი მუხროვანში აღმოვჩნდით».

მონათხრობებიდან ირკვევა, რომ მუხროვანში ჩაყვანილ ჯარისკაცებს შინაგანაწესი გააცნეს, ყაზარმებში ადგილი მიუჩინეს, თუმცა ორი დღის განმავლობაში ისინი არავის მოუკითხავს, გარდა იმისა, რომ მათ საკვებით უზრუნველყოფდნენ. 17 მარტს კი 450 კაციანი ჯგუფიდან ზუგდიდელები, ოჩამჩირლები, სოხუმელები, გაგრელები და გალელები ცალ-ცალკე ასეულებად დაყვეს. ნაომარი მამაკაცები და ექიმებიც ცალკე მოაწყვეს. დიდი გაუგებრობა კი მუხროვანის სამხედრო ბაზაზე მაშინ დაიწყო, როდესაც მწყობრში ჩამდგარმა, უკვე ფორმიანმა და შეიარაღებულმა ადამიანებმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისაგან შეიტყვეს, რომ მათი ყოველთვიური ხელფასი მხოლოდ 300 ლარით განისაზღვრებოდა.

ჯარისკაცების გულისწყრომასთან ერთად სამხედრო მეთაურებისაგან აგრესიული განწყობა მაშინაც წამოვიდა, როცა ცნობილი გახდა, რომ მუხროვანის ბაზაზე მოხვედრილი ადამიანებიდან უმეტეს ნაწილს სამხედრო სამსახური არასდროს გაუვლია და მითუმეტეს, ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს მონაწილეობა არ მიუღია.

გ.ე.: «მეთაური ყვიროდა, როგორ აღმოჩნდით აქ, ვინ ჩამოგიყვანათ. ჩვენ ნაომარი ხალხი გვინდოდა, გამოცდილი, ვინც აფხაზეთის ტერიტორია კარგად იცისო. ახლავე აიკარით გუდა-ნაბადი და სახლებში წადითო. არადა, ჩვენი შეკრება რომ დაიწყო, წერილობითი განცხადებები გაკეთებული გვქონდა. ზუგდიდში გვეუბნებოდნენ, რომ გვქონდა თუ არა გავლილი სამხედრო სამსახური, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინაიდან სათანადო ცოდნას ჩვენ სწავლებისას მივიღებდით… მეთაურის ასეთ განცხადებას ჩვენ შევეწინააღმდეგეთ და ვუთხარით, რომ ყველანი ნასესხები ფულით ვიყავით ჩამოსული და უკან წასასვლელი არაფერი გვქონდა. სამხედრო პირი კიდევ უფრო განრისხდა და გვითხრა: «თქვენ აქ ფულის საშოვნად ხართ ჩამოსულიო?!»

მეთაურის შეურაცხმყოფელმა სიტყვებმა, როგორც ჯარისკაცებმა განაცხადეს, სამხედრო ბაზის დატოვების შესახებ მათ საბოლოო გადაწყვეტილება მიაღებინეს. 60-მდე ჯარისკაცმა სამხედრო ფორმა ერთბაშად გაიხადა, გუდა-ნაბადი მართლაც აიკრა და წამოსვლის წინ საგანგებო განცხადებაც გააკეთა: «ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ბრძოლაში ფულს არასოდეს მოვითხოვთ, მაგრამ თავსაც არავის მოვატყუებინებთ, შეურაცხყოფისა და დამცირების უფლებასაც არავის მივცემთ.»

პროტესტის ასეთი ფორმა მუხროვანის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ი.გ.: «გასაქცევად მომზადებულ ჯარისკაცებს ერთ-ერთმა მეთაურმა ტრანსპორტი შემოგვთავაზა. იმ მანქანას, ალბათ, სამეურნეო დანიშნულება ჰქონდა და გვითხრა, რომ თბილისის ვაგზალზე დაგყრით, ზუგდიდამდე გზა კი თქვენ თვითონ გააგრძელეთო. მათ ცინიზმს საზღვარი არ ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ბაზიდან გასვლის უფლებას აღარ გვაძლევდნენ, ჭიშკარი გავანგრიეთ და გზას ფეხით გავუდექით. ერთ-ერთი ჯარისკაცის მშობელმა ტელეკომპანია «რუსთავი 2″-ში დარეკა. იქიდან ალბათ თავდაცვის სამინისტროში გადაირეკა და სავარაუდოდ ფაქტის უარყოფაც მოხდა.»

მომხდარის გახმაურებამ, როგორც ჩანს, თვდაცვის სამინისტროში შეშფოთება გამოიწვია. ჯარისკაცების მონათხრობიდან ირკვევა, რომ მათი მუხროვანიდან თბილისისკენ გზის ფეხით გავლას სამხედრო პირები გზადაგზა ხელს უშლიდნენ.

კ.დ.: «თავდაპირველად «ჯიპის» მარკის ავტომანქანა წამოგვეწია, გზას გვიღობავდა და ბაზაზე დაბრუნებას გვთხოვდა. რამდენიმე წუთში ორი მანქანა დაემატა. ალბათ შტაბის უფროსი იყო, გვარად უსუფაშვილი. იგი გვემუდარებოდა: «შვილებო დაბრუნდით, უბრალოდ გაუგებრობა მოხდა, ჩვენ ნაომარი ხალხი გვეგონეთო» ჩვენ კი გზას ჯიუტად ვაგრძელებდით. ბოლოს სამი, სამხედრო პოლიციის მანქანაც შემოგვეგება, გზის გაგრძელებას გვიკრძალავდა, უკვე ხუთი საათის განმავლობაში გზაში ვიყავით, გვწყუროდა… ბოლოს კი ავტობუსით გამგზავრების პირობა მივიღეთ».

სამგზავრო ავტობუსის ნაცვლად ჯარისკაცებმა სამხედრო, «კრაზის» ტიპის ორი ავტომანქანა მიიღეს, რომელსაც ისინი ზუგდიდში უნდა ჩაეყვანა. თუმცა თბილისი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე, გორთან, ჯარისკაცები ჩამოსხეს.

დ.გ.: «გორამდე რომ მივედით, შეგვეშინდა, ვიფიქრეთ სადმე ბაზაზე შეგვყრიდნენ და გვცემდნენ. ერთ-ერთი ჩვენთაგანი თითქოს შეუძლდ გახდა, მძღოლს გაჩერება ვაიძულეთ და სხვადასხვა მიმართულებით გავიქეცით… გორის ვაგზალზე შევიკრიბეთ, პოლიციის თანამშრომლებს ვთხოვეთ უფასო მგზავრობა და მატარებლით ჩავედით ზუგდიდში.»

ჯარისკაცების ის ნაწილი, რომლებმაც მუხროვანის ბაზა 18 მარტს დატოვეს, სენაკის სამხედრო ბაზაზე ჩამოსხეს.

კ.გ.: «მუხროვანში პირობა მივიღეთ, რომ სენაკიდან ზუგდიდში ავტობუსით გაგვამგზავრებდნენ. სენაკის სამხედრო ბაზაზე რომ მივედით მეთაური დაგვხვდა, რომელსაც მიშა ერქვა. როგორც აგვიხსნეს, ჩვენი მიღების თაობაზე მათ ბრძანება არ ჰქონდათ მიღებული… სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. მეთაურმა გვლანძღა, გვაგინა. სენაკის რკინიგზის ვაგზლამდე მივაღწიეთ და 40-მდე ადამიანი ზუგდიდში მატარებლით, დილის 4 საათზე ჩამოვედით…»

მუხროვანის ბაზიდან გამოქცეულმა ჯარისკაცებმა მობილური ტელეფონის ვიდეო-კამერით გადაღებული იმ მოვლენების ამსახველი კადრებიც შემოინახეს, სადაც ქართველ სამხედროებთან მათი წინააღმდეგობის მომენტებია აღბეჭდილი. კადრებში სამხედრო პოლიციის ის ავტომანქანები და თავდაცვის სამინისტროს ის მაღალჩინოსნებიც ჩანან, რომლებიც გაქცეულებს გზას უღობავდნენ.

უკვე ყოფილი ჯარისკაცები საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობენ, მაგრამ ამავე დროს შიშობენ, რომ მათ მიმართ მომავალში დევნა განხორციელდება. უცნობია თავდაცვის სამინისტროსა და სავარაუდოდ მისი წარმომადგენლის, კობა ღურწკაიას პოზიცია. მასთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

http://humanrights.ge/index.php?a=article&…532&lang=ge
http://club.geurasia.org/index.php?showtopic=23