სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსების შესახებ

უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო ეკლესიას და თუ — კი, როგორ და რამდენით?

სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა — ეს ის თემაა, რომელიც აქტუალობას მუდმივად ინარჩუნებს. საზოგადოების ერთი ნაწილი შიშობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის გაძლიერების გამო საქართველომ შესაძლოა, უარი თქვას სეკულარული სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებზე.
საკითხი კომპლექსურია და მის ყოვლისმომცველ განხილვაზე პრეტენზია არ მაქვს. მინდა, შევეხო მხოლოდ ერთ პრობლემას, რომელიც დისკუსიებში ხშირად ფიგურირებს: რამდენად მისაღებია სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება?
ყველაზე პირდაპირ ეს კითხვა 2009 წლის 3 დეკემბერს, ხელისუფლების მისამართით შედგენილ მიმართვაში დაისვა, რომელსაც ქართული საზოგადოების ნაწილი აწერდა ხელს. ამ ჩამონათვალმა მაშინ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ავტორები წერდნენ: „სახელმწიფო ბიუჯეტი ივსება, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი მოქალაქეების, ასევე სხვა აღმსარებლობის მიმდევარი, ათეისტი და არარელიგიური მოქალაქეების გადასახადებით. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ ფონზე, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან, ასევე საბიუჯეტო სახსრებიდან (25 მილიონი — 2009 წელს) მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება არის დისკრიმინაცია და სახელმწიფოს ჩარევა ეკლესიის საქმიანობაში?»
ეს კითხვა რეალურად 2 დამოუკიდებელი კითხვისგან შედგება:
1. რამდენად მისაღებია სეკულარულ სახელმწიფოში სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება?
2. ის ფაქტი, რომ ფინანსდება მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია, ხომ არ არღვევს საქართველოს არამართლმადიდებელი მოსახლეობის უფლებებს?
ქართულ მედიაში რაიმე საკითხზე მსჯელობას ერთი ცუდი თვისება აქვს — ფაქტებსა და არგუმეტებს ხშირად ლოზუნგები და ემოციები სჭარბობს. ასე რომ არ გამომივიდეს, ვეცდები, ჯერ ევროპული სახელმწიფოების გამოცდილება აღვწერო და მხოლოდ ამის შემდეგ მოგახსენოთ ჩემი აზრიც.
იტალიაში მოქმედებს ე.წ. რვა მეათასედის კანონი, რომლის მიხედვითაც გადასახადის ყველა გადამხდელს აქვს უფლება, მისი საშემოსავლო გადასახადის 0.8 პროცენტი გადაურიცხოს რომელიმე აღიარებულ რელიგიურ ინსტიტუციას, ან სახელმწიფო პროგრამას. აღიარებული ეკლესიის სტატუსი აქვს 6 ორგანიზაციას, რომლებსაც გაფორმებული აქვთ შესაბამისი ხელშეკრულება იტალიის სახელმწიფოსთან. ამ ინსტიტუციებს შორის არცერთი არაა მართლმადიდებლური ან მაჰმადიანური ორგანიზაცია. ხოლო თუ პიროვნება საგადასახადო დეკლარაციის შევსებისას არ მიუთითებს, თუ რომელ ორგანიზაციას ანიჭებს პრიორიტეტს, მაშინ მისი შემოსავლის 0.8 პროცენტი ნაწილდება სხვა მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევნის პროპორციულად. ამ სქემით, კათოლიკური ეკლესია წლის განმავლობაში იღებს ამ თანხის 87 პროცენტს, ანუ — დაახლოებით 1 მილიარდ ევროს. გამოდის, რომ თუ თქვენ ხართ მართლმადიდებელი ან მაჰმადიანი, თქვენ ვერ დააფინანსებთ საკუთარ რელიგიურ ჯგუფს. ხოლო თუ არ გამოიყენებთ, საკუთარ უფლებას, განკარგოთ გადასახადის ნაწილი, მაშინ თქვენი განსაკარგი თანხის პროცენტს კათოლიკური ეკლესია მიიღებს.
ბელგიაში ყველა ტრადიციული კონფესიის (კათოლიციზმი, ლუთერანიზმი, ანგლიკანიზმი, მართლმადიდებლობა, იუდეიზმი და მაჰმადიანობა) მოქმედი სასულიერო პირი, ანუ სასულიერო პირი, რომელსაც მრევლი ჰყავს, ხელფასს სახელმწიფოსგან იღებს. ანუ, სახელმწიფო უხდის ჯამაგირს ბრიუსელში მოღვაწე ქართული ეკლესიის მღვდელსაც.
ამ მხრივ, ბელგიაში ძირითად კონფესიებს შორის ბალანსი დაცულია. თუმცა ამ დაფინანსების გარდა, სახელმწიფო სხვა გზებითაც აფინანსებს რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლის დროსაც ბალანსი უკვე დარღვეულია. მაგალითად, ბელგიაში მრავლად არსებობს კათოლიკური სკოლები (რომლებიც ძალიან პოპულარულია იმ მიზეზით, რომ ამ სკოლებში მაჰმადიანი უმცირესობის წარმომადგენლები არ სწავლობენ) და მათ თითქმის მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს. ცხადია, ბელგიაში „მუსლიმური სკოლა» არ არის და, შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებასაც არ იღებს.
ბევრ ევროპულ ქვეყანაში არსებობს საეკლესიო ბეგარა (გერმანია, შვედეთი, ფინეთი, დანია, ავსტრია, შვეიცარია, ისლანდია). გერმანიაში საგადასახადო დეკლარაციის შევსებისას გადამხდელმა არჩევანი უნდა გააკეთოს კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიას ან არარელიგიურ ინსტიტუციას შორის. ზოგიერთი რელიგიური უმცირესობა, მაგალითად, ებრაელები, სახელმწიფოს დახმარებას არ იყენებენ და თავად აგროვებენ თავისი წევრების რელიგიურ ბეგარას მხოლოდ გერმანიაში.
სხვა ქვეყნებში, სადაც საეკლესიო ბეგარა მოქმედებს, გადასახადის გადამხდელს ან მხოლოდ დომინანტი რელიგიის დაფინანსება შეუძლია, ან აქვს უფლება, თანხა საერთოდ არ გადაიხადოს. თუმცა ამ ქვეყნებში სახელმწიფო ხშირად დამატებით სახსრებს გამოყოფს ეკლესიისთვის, რომელიც, როგორც წესი, დომინანტ რელიგიას ხმარდება. მაგალითად, დანიის მთავრობა დომინანტ ეკლესიას წელიწადში 100 მილიონ ევროს უხდის. ფინეთის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია კი სახელმწიფოსგან დამატებით მოგების გადასახადიის 1.63 პროცენტს იღებს. აღსანიშნავია, რომ ფინეთში მორწმუნეთა წილი მოსახლეობის 41 პროცენტს შეადგენს, ხოლო ეკლესიაში ამაზე გაცილებით ნაკლები ადამიანი დადის.
ბელგიის გარდა დომინანტი რელიგიის საეკლესიო სკოლები სახელმწიფო დაფინანსებით არსებობს ბრიტანეთში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ირლანდიაში და გერმანიაში. ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრია, იტალია, პოლონეთი და ესპანეთი, კათოლიკე მღვდლებს საჯარო სკოლებში რელიგიის მასწავლებლებადაც იწვევენ და ხელფასს უხდიან.
საბერძნეთი აფინანსებს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების განათლებას, ხელფასებს და პენსიებს.
ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური რელიგიური კანონმდებლობა აქვს ლიტვას. ლიტვის კანონი რელიგიის შესახებ აღიარებს 9 ტრადიციულ რელიგიას და სახელმწიფოს დახმარება ნაწილდება ამ 9 რელიგიურ ჯგუფზე. ამასთან, კანონის მიხედვით, სხვა კონფესიის წარმომადგენლებსაც აქვთ უფლება, მიმართონ ლიტვის პარლამენტს ტრადიციულ რელიგიად აღიარების მოთხოვნით, მაგრამ ამისათვის მათ ლიტვაში საქმიანობის მინიმუმ 25-წლიანი გამოცდილება უნდა გააჩნდეთ.
თუ ამ ინფორმაციას შევაჯამებთ, დავინახავთ, რომ: სახელმწიფო დომინანტ ან ტრადიციულ ეკლესიებს რაიმე ფორმით აფინანსებს ევროპის, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში. დაფინანსება ხშირად არასიმეტრიულია და დომინანტ რელიგიას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. არატრადიციულ რელიგიურ ჯგუფებს სახელმწიფო, პრაქტიკულად, არ აფინანსებს. მაგალითად, მცდელობის მიუხედავად, ვერ ვიპოვე ევროპული ქვეყანა, რომელშიც სახელმწიფო იეჰოვას მოწმეებს დააფინანსებდა.
ბუნებრივად ისმის კითხვა: ვთქვათ, ბელგიაში, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 43 პროცენტი აცხადებს, რომ მორწმუნეა, ხოლო ეკლესიაში მოქალაქეების 10 პროცენტი დადის, წელიწადში რამდენჯერმე კი მთელი ქვეყანა კათოლიკე მღვდლების მორიგ პედოფილიურ სკანდალზე საუბრობს, რატომ აფინანსებს სახელმწიფო ეკლესიას?
ამ საკითხზე ჩემს რამდენიმე ადგილობრივ არამორწმუნე მეგობარს ვესაუბრე და მათი პასუხი დაახლოებით ასე შეიძლება შევაჯამოთ: ყველაფრის მიუხედავად, სახელმწიფო მიიჩნევს, რომ საზოგადოების თვითორგანიზაციისთვის რელიგია საჭირო და სასარგებლოა. ეკლესიების დაფინანსებაც სწორედ ამითაა განპირობებული.
ზემოთ განხილული ევროპული გამოცდილება ცხადყოფს კიდევ ერთს: მხოლოდ ის გარემოება, რომ სახელმწიფო ეკლესიას აფინანსებს, სეკულარობის პრინციპის დარღვევას არ ნიშნავს — ძნელია, თუნდაც ბელგიას არასეკულარული სახელმწიფო უწოდო.
პირველ კითხვაზე — რამდენად მისაღებია სეკულარულ სახელმწიფოში სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება — ჩემი პასუხი დადებითია, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური არ ვარ. თუ ევროპისკენ მივდივართ, მაშინ ქვეყანა, რომელშიც მოსახლეობის 86 პროცენტი თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, ხოლო მორწმუნეების საერთო რაოდენობა კიდევ უფრო დიდია, სახელმწიფო რაღაც ფორმით ეკლესიას უნდა აფინანსებდეს. პირადად ჩემთვის პრობლემა დაფინანსება კი არა, ის ფორმაა, რითაც ამას ქართული სახელმწიფო აკეთებს. ეს მოქრთამვასა თუ ინდულგენციის გადასახადს უფრო წააგავს, ვიდრე საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის გააზრებულ დაფინანსებას. გაუგებარია, საიდან დგინდება მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა ბიუჯეტის შედგენისას და რა არის ამ დაფინანსების დანიშნულება.
მეორე შეკითხვაზე პასუხი ბევრად უფრო პრობლემატური მგონია. ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ყველა მოქალაქე თანასწორია და რელიგიურ უმცირესობებსაც უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო მხარდაჭერა, თუმცა ევროპული რეალობა გვიჩვენებს, რომ ამა თუ იმ ფორმით დომინანტი რელიგიური ჯგუფი, პრაქტიკულად, ყველგან უპირატეს მდგომარეობაშია. ამ კონტექსტში გაუგებარია, რატომ უნდა ვიყოთ იტალიელებზე, ფინელებზე ან ბერძნებზე უფრო დიდი ლიბერალები.
საუკეთესო გამოსავალი კომპრომისული ვარიანტის მონახვა იქნებოდა, რომელიც, ერთი მხრივ, ეჭვქვეშ არ დააყენებდა მართლმადიდებელი ეკლესიის დომინანტურ როლს, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა ტრადიციული რელიგიის მიმდევრებსაც მისცემდა საშუალებას, მიეღოთ გარკვეული სახელმწიფო დაფინანსება.
საკითხის მოგვარების შესაძლო ვარიანტი შეიძლება იყოს ლიტვური მოდელის დანერგვა. ლიტვაში იტალიის მსგავსი სქემა მოქმედებს. ყველა გადასახადის გადამხდელი თავად განკარგავს მის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის 2 პროცენტს. მას შეუძლია, ეს თანხა გადასცეს ნებისმიერ ტრადიციულ რელიგიურ, არასამთავრობო ან საზოგადოებრივ ორგანიზაციას. ასეთი მოდელი, ერთი მხრივ, რელიგიური ორგანიზაციების გარდა, უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსებასაც, რაც ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებასაც. ბოლოს და ბოლოს, როდემდე უნდა იყვნენ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოური გრანტების ანაბარა.
ასეთი სქემის პირობებში თავად ბენეფიციარები იქნებიან დაინტერესებული, რომ მათი საქმიანობა რაც შეიძლება გამჭვირვალე გახადონ და ამით მეტი სახსრების მოზიდვა შეძლონ. საგადასახადო დეკლარაციების შევსების პერიოდში იტალიური ტელევიზიები სავსეა სარეკლამო კლიპებით კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ, რომლებიც გადამხდელებს მოუწოდებს, კათოლიკური ეკლესია დააფინანსონ.
საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს ტიპის ქვეყნებში საშემოსავლო გადასახადიდან შემოსული თანხა ბიუჯეტის ძალიან მცირე ნაწილს შეადგენს, ამიტომ ასეთი ხარჯი ბიუჯეტს დიდად ვერ დააზარალებს.
სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებელია, ჰქონდეთ სხვა საერთო მიზნობრივი პროექტები, მაგალითად, ბავშვთა სახლები ან ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრები, რომლებსაც სახელმწიფო დაფინანსებით ეკლესია მიხედავს.

გიგა ღოღობერიძე, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, ბელგია

http://liberali.ge/sakhelmtsipos-mier-eklesiis-dapinansebis-shesakheb