http://www.azrebi.ge/index.php?m=734&newsid=126

ლევან ღამბაშიძე

ორიოდ სიტყვა საქართველოში ქრისტიანობის ბედის შესახებ
სტატია ეხება იმ მიზეზებს, უფრო სწორად ერთადერთ მიზეზს, რის გამოც ჩემი აზრით, დღეს საქართველოში ქრისტიანობის გარშემო ამხელა აურზაურია ატეხილი. ეს მიზეზი შეგვიძლია სტატისტიკური მონაცემების შედეგებისა და სახარების საშუალებით გამოვავლინოთ. „ღია საზოგადოება- საქართველოს» მხარდაჭერით განხორციელებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის 81 პროცენტი საკუთრ თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს.[1] ეს სტატისტიკას რაც შეეხება. მეორე სტატისტიკა შემიძლია ჩემი საკუთრი გამოცდილებიდან შემოგთავაზოთ: პირადი საუბრებით გამოკითხული მყავს დაახლოებით 100 ადამიანი და მათგან 10-15 თუ ექნება სახარება წაკითხული. თუ ჩემი არ გჯერათ, თქვენს ახლობლებს შეეკითხეთ და დარწმუნდებით, რომ ეს ასეა.

ის, რომ ხალხს სახარება წაკითხული არ აქვს და საკუთარ თავს ქრისტიანად მოიაზრებს, არის მთავარი მიზეზი ყოველი გაურკვევლობისა. რას ნიშნავს იყო ქრისტიანი? ამაზე თავად იესო ქრისე მიგვანიშნებს: აღდგომის შემდეგ იგი თავის მოწაფეებს პირდაპირ დავალებას აძლევს: „გადით მთელ წუთისოფელში და ყოველ ქმნილებას უქადაგეთ სახარება». მარკოზი 16.16. ვინაიდან ის, რაც არის ქრისტიანობის არსი უპირველეს ყოვლისა წერია სწორედ სახარებებში და არსად სხვაგან.

ამდენად ჩვენ გვაქვს საზოგადოება, რომელიც საკუთარ თავს ქრისტიანად მოიაზრებს და სინამდვილეში სახარება არ აქვს წაკითხული, შესაბამისად ქრისტიანული ღირებულებების შესახებ მხოლოდ გაგონილი აქვს. ამის გამო შეიძლება ითქვას, რომ არსებობს აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ქრისტიანი. მინდა შემოგთავაზოთ ჩემი ხედვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

1. ქრისტიანობა არ არის მშიშარა ხალხის რელიგია. თუკი ადამიანის რწმენა დიდია, მას არ ეშინია არანაირი დაბრკოლების, ვინაიდან არაფერს არ შეუძლია მისთვის ხელის შეშლა არჩეული გზის განვლაში. განსაკუთრებით ეს ეხება ახალი ინფორმაციის შეძენას. თუკი პირველივე „ურწმუნოდ» დაწერილმა წიგნმა თუ ტელესიუჟეტმა ადამიანის რწმენას შეუქმნა საფრთხე, ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ რწმენა აქამდეც არ იყო ძლიერი. მაგდენი ძალა კი უნდა ჰქონდეს ადამიანის რწმენას, რომ ამგვარმა წვრილმანებმა არ შეარყიოს იგი. ამდენად ვისი რწმენაც დიდია, იგი მხოლოდ ღიმილით შეხვდება ნებისმიერ დაბრკოლებას, დანარჩენს კი ერთხელ უკვე უთხრეს:

„რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო?» მათე 8.26.

2. ეს არ არის ისეთი ხალხის რელიგია, რომელიც მზად არის საკუთარი მოსაზრებების გამო ჩაწიხლოს სხვა ადამიანი, თუნდაც ეს „სხვა» მტერი იყოს.

„მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით.» მათე: 5.44

3. როგორც წესი, მე-2 პუნქტზე მპასუხობენ, რომ თუკი „მტერი» ძალიან ცუდ რამეს სჩადის (გაურკვეველია როდის მთავრდება ცუდი და იწყება ძალიან ცუდი), ქრისტიანი ვალდებულიც კია, რომ იმოქმედოს და შეუტიოს შეურაცხმყოფელს. ქრისტიანობა არ არის ისეთი სუსტი ხალხის რელიგია, რომელსაც სიტყვიერი შეურაცხყოფის პატიებაც არ შეუძლია და ამის გამო მოსაკლავად იმეტებს სხვას.

„და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა.» მათე 6. 12

გეცნოთ ალბათ ამონარიდილოცვიდან „მამაო ჩვენო». განსაკუთრებულად ნიჭიერთათვის იქვე განმარტებაც არის:

„ვინაიდან თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს,თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათშეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.» მათე 6.14-15

4. ეს არ არის ისეთი ხალხის რელიგია, რომელიც მარხვის დროს მაიონეზზე კი არ ამბობს უარს, არამედ მის ქიმიურ შემადგენლობაზე, და სიამოვნებით მიირთმევს ე.წ. სამარხვო მაიონეზს. თითქოს ღმერთს სწორედ ქიმიური შემადგენლობის წინააღმდეგ ჰქონდეს რაიმე და არა ზოგადად სიხარბის წინააღმდეგ. მარხვის ამოცანა ხომ სწორედ სხეულის მოთხოვნილებების დათრგუნვაა სულის სასიკეთოდ და არა მისი განწმენდა სხვადასხვა ქიმიური ელემენტებისაგან. ამას გარდა, არც სუფრის ერთი ბოლოდან მეორეში გადაძახილი მიმაჩნია მართებულ საქციელად სამარხვო საჭმლის მოთხოვნასთან დაკავშირებით და არც მარხვის დასრულების სულმოუთქმელი ლოდინი.

„ასევე როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი; ვინაიდან ისინი იმწუხრებენ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულებად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს საზღაური. ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, ზეთი იცხე თავზე და დაიბანე პირი, რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას; და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღვავს.» მათე: 6. 16-18.

5. ქრისტიანობა არ არის თვალთმაქცი ადამიანის რელიგია, რომელსაც მხოლოდ მისი თანამგზავრის თანდასწრებით ეთაკილება პირჯვრის არგარდასახვა. ეს არ არის თვალთმაქცი ხალხის რელიგია, რომელიც გიჟდება საჯარო თავშეყრის ადგილას ლოცვაზე:

„როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენიმამა, რომელიც დაფარულში ხედავს მოგიზღავს შენ.» მათე 6.5-6.

6. ამ ყველაფრის წაკითხვისშემდეგ შესაძლოა ბევრს გაუჩნდეს შემდეგი სახის მოსაზრება (რაც აგრეთვე ძალზედ ხშირად გამიგია): თითქოს ეს ყველაფერი ადამიანისთვის შეუსრულებადია და ქრისტემ მხოლოდ იმიტომ შესძლო, რომ ღმერთი იყო. ქრისტიანობა არ არის ისეთი ხალხის რელიგია, რომელიც სირთულეებს ასე მარტივად უვლის გვერდს. ამგვარი პასუხით ჩვენ თითქოს ვაღიარებთ, რომ ქრისტემ დაუძლეველი გზა მოგვცა გასავლელად. რა საჭიროა ისეთი გზა, რომლის გავლაც შეუძლებელია? ამაზე ფიქრიც კი მკრეხელობაა, რამეთუ:

„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემისწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, ისიც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ.» იოანე 14.12.

შესაძლოა ცალკეული ადამიანებიიცავენ კიდეც ამ და მრავალ სხვა მცნებას, რომელიც სახარებით გვაქვს მოცემული, თუმცა ჯერ-ჯერობით ვგონებ სიტუაცია სხვაგვარადაა. ანდა როგორ არ უნდა იყოს სხვაგვარად, როდესაც ადამიანები არ ცდილობენ არსის წვდომას. მეორე მხრივ, ძნელია წიგნის წაკითხვა მოთხოვო ადამიანს, რომელსაც «ვეფხისტყაოსანი» უფროსი ძმის «კონსპექტით» აქვს ნასწავლი. მაგრამ ის მაინც შეგვიძლია მოვთხოვოთ, რომ არც რუსთველოლოგი უწოდოს თავს და არც „მართლმორწმუნე ქრისტიანი». ხოლო თუ ვინმემ აირჩია ეს გზა, კეთილი ინებოს და შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები უპირველეს ყოვლისა საკუთარი სინდისის წინაშე. თუ ამას ვერ შესძლებს, სხვას მაინც ნუ მოატყუებს. საკუთარი სისუსტის დასაფარად მიზეზებს სხვებში ნუ მოძებნის, რამეთუ სხვისი განდევნით, უკეთესი ქრისტიანი ვერ გახდება.

P.S.

თუკი ვინმე თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს იმის გამო, რომ მე ასეთ თემაზე დავწერე, წინასწარ ვთხოვ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს კონკრეტულად რამ გააღიზიანა იგი და იმოქმედოს ისე, როგორც მოწოდებულია: მიუგო იესომ: „თუ ცუდად ვთქვი, დამიმოწმე ცუდის შესახებ, და თუ კარგად — რადა მცემ?» იოანე 18.23. აქ ცემაზე არ არის საუბარი, არამედ საუბრის წარმოების ფორმაზე. არ არსებობს არგუმენტზე დიდი ძალა და შეეცადეთ, მისი საშუალებით დაარწმუნოთ სხვა მისი აზრის სიმცდარეში. არგუმენტი კი მოქმედებს მხოლოდ ძალადობისგან თავისუფალ დიალოგში. ამგვარი მოწოდების ავტორის სახელით ხალხის შევიწროება და ლანძღვა კი ოდნავ არამართებულად მიმაჩნია.