დათო სამნიძე — ლექსი  16.12.2007

მინდა დავივიწყო წყენა,

მაგრამ მოვერევი ტკივილს?

სინდისს არ დავუწყებ სმენას,

რადგან კი არ მქენჯნის – ჰკივის.

ჰკივის თავმოყვარის განცდით,

იტანს უმიზეზო ლანძღვას, –

თურმე სათნოებას გავცდი,

უკვე გადავედი საზღვარს.

საზღვარს ვერ დავუდებ ალბათ

გულში დაგროვებულ წყენას,

ვიცი, შემირიგდა ყალბად,

მაინც შემრჩა ძველი რწმენა.

რწმენა გამიმტკიცდა იმის, –

რომ კვლავ შეურაცმყოფს მწვავედ,

როგორ ვენდო ახლა ღიმილს?

მწარე სიტყვები გულს მწვავენ.

მწვავენ ცეცხლოვანი თმები,

ლექსიც დავუწერე ბრიყვმა,

მან კი გაავრცელა ხმები _

რომ მე ვტანჯავ, კი არ მიყვარს.

მიყვარს სილამაზე სულის,

ამან შეაშინა სწორედ,

ნუთუ იკლავს ჩხუბის სურვილს

სხვებთან რომ მივრცელებს ჭორებს?

ჭორებს უჯერებენ ვითომ?

არა… ამიტომაც გალხვა,

სცადა შერიგება თვითონ,

რწმენაც მიხსენა და მარხვაც.

მარხვაც დამთავრდება მალე…

თუმცა ბევრი დროა წინ და, –

ის, რაც მოხდა უკვე, – ხვალე

აღარ განმეორდეს მინდა.

 დათო სამნიძე

                                                    16.12.2007