აკაკი ბაქრაძე

თერგდალეულები
ცნება – „თერგდალეული“ – ორი მნიშვნელობით იხმარებოდა. ერთი, რო-
გორც მეტსახელი (თიკუნი) იმ ახალგაზრდებისა, რომელნიც მე-19 საუკუნის
50-იან წლების მეორე ნახევარში რუსეთში წავიდნენ განათლების მისაღებად.

რაკი მათ დარიალის ხეობაში საქართველოს საზღვარი და მდინარე თერგი გა-
დალახეს, ხუმრობით, „თერგდალეული“ შეარქვეს. მეორე, რაც უფრო არსები-
თი და მნიშვნელოვანია, „თერგდალეული“ სახელია გარკვეული საზოგადოებ-
რივი მოძრაობის წევრისა. ეს საზოგადოებრივი მოძრაობა არსებობდა მე-19 სა-
უკუნის 60-იან წლებში.
„თერგდალეულები“ იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკო-
ლაძე, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე, სერ-
გეი მესხი, ვახტანგ თულაშვილი, სამსონ აბაშიძე, პეტრე ნაკაშიძე…
„თერგდალეულთა“ წრის ჟურნალ-გაზეთები იყო: „საქართველოს მოამ-
ბე“, „დროება“, „კრებული“. „თერგდალეულობის“, როგორც საზოგადოებრივი
მოძრაობის არსს, სწორედ ამ ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი თხზულებანი
გამოხატავდნენ.

თერგდალეულთა მოძრაობის დასაწყისად მიჩნეულია 1861 წელი, როცა
ჟურნალ „ცისკრის“ მე-4 წიგნში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია – „ორი-
ოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კოზლოვის „შეშლი-
ლის“ თარგმანზედა“. ამ სტატიას მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში ცხარე
კამათი მოჰყვა. საზოგადოება ორად გაიყო. ახალგაზრდები მხარს უჭერდნენ
ილია ჭავჭავაძეს, ხოლო ხანდაზმულები გულმხურვალედ ედავებოდნენ მას.
შემდგომ ამ დავა-პაექრობას „მამათა და შვილთა ბრძოლა“ უწოდეს.
„თერგდალეულთა“ საერთო მიზანი საქართველოს საზოგადოებრივი ყო-
ფის შეცვლა და განახლება იყო. ამ მიზნის მისაღწევად მათ ერთიანი, საერთო
თვალთახედვა ჰქონდათ შემდეგი საკითხებისა:
პირველი:
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარია. მეცნიერება და ტექნიკა უკვე გა-
ბატონებულია. თვინიერ მეცნიერებისა და ტექნიკისა, რაიმეს კეთება და რაიმე
წინსვლა, რაიმე განახლება შეუძლებელია. ევროპა მომავლის ოცნებას – მეცნიე-
რებისა და ტექნიკის ძალას უკავშირებს. მეცნიერებას და ტექნიკას რომ მტკი-
ცედ დაეუფლო, აუცილებელია საყოველთაო განათლება.
„თერგდალეულებიც“ განათლების აპოლოგეტები არიან. ამას ისინი არა
მარტო თეორიულად მოითხოვდნენ, არამედ პრაქტიკულადაც ახორციელებ-
დნენ: წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბება, სკოლე-
ბის გახსნა, იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური მოღვაწეობა და სხვა ამდაგვა-
რი საქმიანობა. მაგრამ განათლება რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს,
აუცილებელია, სალიტერატურო-სამეცნიერო მეტყველება დაუახლოვდეს
ხალხის მეტყველებას. მათ შორის კედელი არ უნდა იყოს აღმართული. მეცნიე-
რება—ხელოვნება არ უნდა მეტყველებდეს ხელოვნურად შექმნილი, საგანგე-
ბო, ძნელად გასაგები ენით. „თერგდალეულებმა“ სამეცნიერო-სალიტერატუ-
რო ენის ძირეული რეფორმა მოახდინეს. სამეცნიერო-სალიტერატურო ენა
ხალხისათვის მისაწვდომი და იოლად გასაგები გახადეს.
ენის რეფორმასაც ცხარე სჯა-ბაასი, შეხლა-შემოხლა მოჰყვა, მაგრამ „თერ-
გდალეულებმა“ ეს საქმე გამარჯვებით დააგვირგვინეს.
მეორე:
„თერგდალეულები“ ხელოვნება-მწერლობას ხალხის, საზოგადოების მსა-
ხურად მიიჩნევდნენ. ხალხისა და ქვეყნის ჭირ-ვარამი, შვება-ლხენა, მწერლობა
– ხელოვნების ზრუნვის საგანი უნდა ყოფილიყო. ეს შეხედულება მკაფიოდ და
ნათლად არის გამოთქმული ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლა-
ძის, გიორგი წერეთლის და სხვათა ნაწერებში. ყოველი მათგანი სიცოცხლის
ბოლომდე ერთგული დარჩა ამ შეხედულების.
მესამე:
როგორც მთელი რუსეთის იმპერიის, ისე, კერძოდ, საქართველოს წინ-
სვლა-განვითარებას ძალიან უშლიდა ხელს ბატონყმობა. ბატონყმობის გაუქმე-
ბა გადაუდებელი საქმე იყო, მაგრამ ძნელად განსახორციელებელი. აუცილებე-
ლი
გახლდათ ხალხის ცნობიერების აღზრდა. ბატონყმობის გაუქმებას ეწინა-
აღმდეგებოდა არა მარტო თავადაზნაურობა, არამედ ყმაგლეხობაც. რუსეთის
იმპერიის ყმაგლეხობას ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა ეცხოვრა უბატონოდ.
დღეს ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ასე არ ყოფილა მე-19 საუკუნის პირველ ნა-
ხევარში. ყმაგლეხობის გათვითცნობიერება, მათი დაჯერება უფრო ძნელი აღ-
მოჩნდა, ვიდრე თავადაზნაურობის. როცა რუსეთში ბატონყმობა გაუქმდა,
უამრავმა ადამიანმა მოიკლა თავი, უბატონოდ რა მეშველებაო. ხელისუფლება
იძულებული იყო, სოფლებში ჯარი ჩაეყენებინა და თვითმკვლელობანი აღეკ-
ვეთა. შეხედულებათა შეცვლაში, ახალი ცნობიერების აღზრდაში განსაკუთრე-
ბული და გადამწყვეტი როლი შეასრულა მწერლობამ როგორც რუსეთში, ისე
საქართველოში.
დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხის“ გამოქვეყნების შემდეგ, ბატონყმობა,
როგორც საზოგადოებრივი წეს-წყობილება, მკაცრად და დაუნდობლად სწო-
რედ „თერგდალეულებმა“ გააკრიტიკეს. მათ მოამზადეს საზოგადოებრივი აზ-
რი საქართველოში ამ დიდი რეფორმის ჩასატარებლად. ამ მხრივ არსებითი
მნიშვნელობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის, გი-
ორგი წერეთლის, სერგეი მესხის და სხვათა მხატვრულ-პუბლიცისტურ ნაშრო-
მებს.
მეოთხე:
ბატონყმობის გადავარდნას და ახალი წეს-წყობილების თანდათან ჩამო-
ყალიბებას შრომის განთავისუფლებაც უნდა მოჰყოლოდა. „შრომისა ახსნა – ეგ
არის ტვირთი ძლევამოსილის ამ საუკუნის“ (ი.ჭავჭავაძე – „აჩრდილი“), მაგრამ
„თერგდალეულთა“ აზრით, შრომის განთავისუფლება არ უნდა მომხდარიყო
კლასობრივი ბრძოლის საშუალებით, როგორც ამას სოციალისტ-კომუნისტები
ქადაგებდნენ. არც ერთი „თერგდალეული“ არ ყოფილა კლასობრივი ბრძოლის
მომხრე. კლასობრივი ბრძოლა მათ უაღრესად საშიშ მოვლენად მიაჩნდათ, გან-
საკუთრებით, მცირერიცხოვანი ერებისათვის. კლასობრივი ბრძოლით ერი
თვითგანადგურებას ეწევა. არავითარი კეთილი ნაყოფი ამ ბრძოლას არ მოაქვს.
იგი აქცევს ქვეყანას, ხდება ადამიანთა უაზრო და უმიზნო ხოცვა-ჟლეტა, ამი-
ტომ „თერგდალეულთა“ შეხედულებით, აუცილებელი იყო ერის, ხალხის
მთლიანობა-ერთიანობა. ახალი სამყარო ყველას ერთად უნდა ჩამოეყალიბები-
ნა და ეშენებინა. თუ რაიმე მიზეზით ადამიანთა და წოდებათა შორის ხიდი ჩა-
ტეხილი იყო, იგი უნდა აღედგინათ. ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობისათ-
ვის ბრძოლა ერთიან ნიადაგს უნდა დაყრდნობოდა.
მეხუთე:
„თერგდალეულთა“ დაჟინებული ყურადღების საგანი იყო ეროვნული
პრობლემა. საქართველო კოლონიური ქვეყანა იყო. იგი იურიდიულად აღარ
არსებობდა. იურიდიულად საქართველო იყო ორი გუბერნია – თბილისისა და
ქუთაისის და სამი ოლქი – სოხუმის, ბათუმისა და ზაქათალის. ამ ვითარებას,
რა თქმა უნდა, ვერც ერთი საღად მოაზროვნე ქართველი ვერ შეეგუებოდა. ამი-
ტომ „თერგდალეულთა“ ყურადღების ცენტრში მუდამ იდგა საქართველოს
ბედ-იღბალი, მასზე ფიქრი და ზრუნვა. მოღვაწეობის დასაწყისშივე, ილია ჭავ-
ჭავაძის პირით, წამოაყენეს მათ მოღვაწეობის ძირითადი მიზანი – ჩვენი თავი
ჩვენვე უნდა გვეკუთნოდესო.
„თერგდალეულთა“ პოლიტიკური იდეალი იყო საქართველოს ავტონო-
მია რუსეთის იმპერიის ფარგლებში. ავტონომიის საფეხურის გავლა მათ აუცი-
ლებლად მიაჩნდათ. მათი აზრით, ქვეყანა, რომელიც დიდი ხნის განმავლობა-
ში კოლონიას წარმოადგენდა, ცხოვრობდა უაღრესად ჩამორჩენილ ფეოდა-
ლურ წეს-წყობილებაში, ეკონომიკურად ღარიბ-ღატაკი იყო, განათლებით
კუდში მისჩანჩალებდა იმდროინდელ მოწინავე ქვეყნებს, ერთბაშად ვერ მოი-
პოვებდა დამოუკიდებლობას. თუ შემთხვევით მოიპოვებდა დამოუკიდებლო-
ბას, ვერ გამოიყენებდა მას. დამოუკიდებლობისათვის ხანგრძლივი მომზადება
იყო საჭირო. ამ მომზადებისათვის კარგ პირობებს შექმნიდა ავტონომია. რუსე-
თის იმპერიის ფარგლებში ავტონომიური საქართველო ყველა თვალსაზრისით
– ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად, კულტურულად, განათლე-
ბით, სამხედრო კუთხით – კარგად მოემზადებოდა. როცა ყველა თვალსაზრი-
სით მომზადებული საქართველო სრულ დამოუკიდებლობას მოიპოვებდა, მე-
რე მას ამ დამოუკიდებლობას ვეღარავინ წაართმევდა. თავდაცვაც შეეძლებოდა
და მტრისათვის საკადრისი პასუხის გაცემაც.
მაგრამ „თერგდალეულთა“ ამ მისწრაფებას განხორციელება არ ეწერა,
ქართველ სოციალ-დემოკრატთა, ანუ სოციალისტ-კომუნისტთა საქმიანობამ
მათი ოცნება მოკლა.
ამ ერთიანი და საერთო შეხედულებათა მიუხედავად, „თერგდალეულო-
ბას“ მყარად ჩამოყალიბებული ორგანიზაციული სახე არ ჰქონია. მოგვიანებით
ამას თავად იაკობ გოგებაშვილიც აღნიშნავდა.
„მართალია, ვერ შევქმენით მესამოცეებმა ორგანიზაცია და ეს იყო სუსტი
მხარე ჩვენი მოქმედებისა, მაგრამ ვერც ჩვენმა ულმობელმა კრიტიკოსებმა ისა-
ხელეს ამ მხრივ თავი. მათაც არავითარი რეალური მოქმედი ორგანიზაცია არ
შეუქმნიათ. მხოლოდ სოციალ-დემოკრატებმა დააარსეს და გაჩარხეს ძლიერი
ორგანიზაცია და აკი კიდევაც გაჰყავდათ და გაჰყავთ თავისი“ („რჩეული პედა-
გოგიური თხზულებანი“, 1977 წ., გვ. 130).

ალბათ, ამისი ბრალია, რომ „თერგდალეულობამ“, როგორც საზოგადოებ-
რივმა მოძრაობამ, ცოტა ხანს იარსება და 70-იანი წლების დასაწყისში მოქმედე-
ბა შეწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ „თერგდალეულები“, როგორც პიროვნე-
ბანი, დიდხანს და აქტიურად მოღვაწეობდნენ მწერლობაშიც და საზოგადოებ-
რივ ასპარეზზეც. მათ საქართველოს კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებას
დიდი და წარუშლელი კვალი დაამჩნიეს.
თუ არავინ დავობს „თერგდალეულობის“, როგორც საზოგადოებრივი
მოძრაობის დასაწყისზე, ქართულ მეცნიერებაში არ არსებობს ერთიანი აზრი
მის დასასრულზე. სხვადასხვა თარიღი ივარაუდება. აქ უტყუარად იმის თქმა
შეიძლება, რომ „თერგდალეულთა“ მოძრაობის დაშლას სხვადასხვა მოვლენამ
შეუწყო ხელი.
პირველი: ილია ჭავჭავაძე, „საქართველოს მოამბის“ დახურვის (1863 წ.)
მერე, დუშეთში მსახურობდა. მართალია, მაშინდელ ქართულ ჟურნალ-გაზე-
თებში აქტიურად თანამშრომლობდა, მაგრამ თბილისის, ანუ ცენტრს, საზოგა-
დოებას მაინც მოწყვეტილი იყო.
მეორეც: 60-იანი წლების ბოლოს ნიკო ნიკოლაძე და გიორგი წერეთელი
სწავლის გასაგრძელებლად ევროპაში გაემგზავრნენ. თერგდალეულთა მოძრა-
ობისათვის ესეც ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა. ევროპული სამყაროს
გაცნობამ ნიკო ნიკოლაძისა და გიორგი წერეთლის მსოფლმხედველობაზე
ძლიერი გავლენა მოახდინა. ისინი დარწმუნდნენ, რომ, თუ საქართველოს უნ-
დოდა მარადიული ჩამორჩენისათვის თავი დაეღწია, იგი განვითარების ევრო-
პულ გზას უნდა დადგომოდა. მართალია, ტერიტორიულად რუსეთი ევროპას
ეკუთვნოდა, მაგრამ არც რუსულ კულტურას, არც რუსეთის საზოგადოებრივ
ცხოვრებას ევროპული ხასიათი და თვისება არ ჰქონდა. ფუჭად ჩაიარა პეტრე
პირველისა და ეკატერინე მეორის თავგამეტებულმა მცდელობამ, ევროპულ
სახელმწიფოდ ექციათ რუსეთი.
ევროპული კულტურა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება ჩა-
მოყალიბდა ბერძნულ-რომაულ ანტიკურობასა და კათოლიკურ-პროტესტან-
ტული ქრისტიანობის საფუძველზე. რუსული კულტურა და საზოგადოებრივ-
პოლიტიკური ცხოვრება კი შეიქმნა ბიზანტიურ-მონღოლური შუასაუკუნეები-
სა და მართლმადიდებლური ქრისტიანობის საძირკველზე. მათი მორიგება
უაღრესად ძნელი იყო. საქართველოს არჩევანიც მომავლისათვის ამ ორ საზო-
გადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ-სახელმწიფოებრ სისტემათა შორის
უნდა მომხდარიყო. ეს პრობლემა ცხარე კამათს იწვევდა თერგდალეულთა შო-
რისაც.
მესამეც: 1871 წელს კავკასიას იმპერატორი ალექსანდრე მეორე ეწვია. იგი
საქართველოშიც გულღიად და ხელგაშლილი მიიღეს, მაშინაც დიდი კამათი
ატყდა – რა შევევედროთ ხელმწიფეს, რა წყალობა გამოვთხოვოთო. ამ პაექრო-
ბამაც ქართული საზოგადოება ორად გაჰყო.
ერთი ნაწილი ფიქრობდა, ყველაზე მეტად უმაღლესი სასწავლებელია სა-
ჭირო და იმპერატორს მისი დაარსება უნდა ეთხოვოსო. ეს აზრი პირველად გი-
ორგი წერეთელმა გამოთქვა. ილია ჭავჭავაძემაც მას დაუჭირა მხარი.
მეორე წყება სამხედრო სასწავლებლის დაარსებას ამჯობინებდა. საერ-
თოდ, კავკასიური და, კერძოდ, ქართული საზოგადოების უმრავლესობა
(არისტოკრატიული წარმომავლობისაც კი) ღარიბ-ღატაკი იყო. უნივერსიტეტ-
ში სწავლის ქირის გადახდა უჭირდა. სამხედრო სასწავლებელში სწავლა უფა-
სო იყო, ხელისუფლების ხარჯზე მიმდინარეობდა. ამიტომ უმრავლესობას
უნივერსიტეტს სამხედრო სასწავლებელი ერჩია.
ნიკო ნიკოლაძე არც პირველს მიემხრო და არც მეორეს. მან მესამე აზრი
გამოთქვა: ხელმწიფეს კავკასიაში ერობის შემოღება ვთხოვოთო. ერობა თვით-
მმართველობის ფორმა იყო. იგი საკუთრივ რუსეთში არსებობდა. კოლონიებში
ერობის შემოღება ხელისუფლებას მიზანშეწონილად არ მიაჩნდა. ნ.ნიკოლაძეს
მხარი მხოლოდ ერთმა კაცმა დაუჭრა – სომეხმა მოღვაწემ ნაპოლეონ ამატუნიმ.

ნიკოლაძეს ერობის შემოღება კავკასიაში იმიტომ უნდოდა. რომ ფიქრობ-
და: ერობის მეშვეობით ხალხი სახელმწიფო მართვას ისწავლის. როცა საქარ-
თველო და დანარჩენი კავკასია დამოუკიდებელი გახდება, ხალხს ახალი სა-
ხელმწიფოს აშენება არ გაუჭირდებაო. ეს შორსგაჭვრეტილი წინადადება იყო,
მაგრამ მაშინ ამას ვერავინ მიხვდა.
70-იანი წლების დასაწყისში სამხედრო სასწავლებლის დაარსების იდეამ
გაიმარჯვა. დაარსდა კიდეც.
მეოთხეც: თერგდალეულთა შორის საადგილმამულო ბანკის დაარსების
გამოც ატყდა კამათი. ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ ორი საადგილმამუ-
ლო ბანკი უნდა დაარსებულიყო, ერთი თბილისში აღმოსავლეთ საქართველო-
სათვის და მეორე ქუთაისში დასავლეთ საქართველოსათვის. თბილისის საად-
გილმამულო ბანკისათვის ილია ჭავჭავაძის შედგენილი წესდება მიიღეს. ქუ-
თაისის საადგილმამულო ბანკისათვის წესდება ბესარიონ ღოღობერიძეს უნდა
დაეწერა. მას ილიას შედგენილი წესდება მოეწონა. ახალი აღარ დაუწერია, ქუ-
თაისის ბანკიც იმ წესდების შესაბამისად აამოქმედა, რომლის საფუძველზეც
თბილისის ბანკი მუშაობდა. ამის გამო ბესარიონ ღოღობერიძესა და ნიკო ნი-
კოლაძეს შორის ხანგრძლივი დავა გაიმართა. ნ.ნიკოლაძეს უნდოდა, რომ ქუ-
თაისის საადგილმამულო ბანკს საკუთარი, თავისებური წესდებით ემუშავა. ამ
დავაში ილია ჭავჭავაძეც ჩაება. იგი ბესარიონ ღოღობერიძეს მიემხრო.
ილია ჭავჭავაძესა და ნიკო ნიკოლაძეს შორის უთანხმება ჩამოვარდა.
სხვადასხვა საკითხზე ამგვარმა იდეურმა დავამ თერგდალეულთა მოძრა-
ობა შიგნიდან დაშალა. ამას დაემატა ისიც, რომ ნიკო ნიკოლაძემ და გიორგი წე-
რეთელმა, 70-იანი წლების დასაწყისში, ახალ მიმართულებას ჩაუყარეს საფუძ-
ველი. იგი მე-19 საუკუნის საქართელოს ისტორიაში „მეორე დასის“ სახელით
არის ცნობილი. ხოლო „პირველი დასის“ სახელი „თერგდალეულთა“ მოძრაო-
ბას დარჩა.

აკაკი ბაქრაძე