აჭარის  ფინანსთა ყოფილ მინისტრს როსტომ ბოლქვაძეს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა ყოფილი მინისტრის როსტომ ბოლქვაძის მიმართ. მას 14-წლიანი საპატიმრო მსჯავრი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლის შესაბამისად დაედო. 1997-2004 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინიტრობასთან ერთად ბოლქვაძეს ეჭირა რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა.

იგი იყო აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ს/ს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერების განმტკიცების, მართლწესრიგის დაცვის, კორუფციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უშიშროების საბჭოს მდივანი.

,,საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მითითებულ პერიოდში როსტომ ბოლქვაძემ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების არაერთგზის გადამეტებით არსებითად დაარღვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის გაფლანგა მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა 522 654 ლარისა და 49 თეთრის ოდენობით, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო სულ მის მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 543 655 ლარი და 35 თეთრი,’’ – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27 იანვრის განაჩენით, როსტომ ბოლქვაძეს საპატიმრო მსჯავრთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურებაც დაეკისრა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამტკიცებულად ცნო, რომ მსჯავრდებულმა ხელისუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების პარალელურად ჩაიდინა სხვა დანაშაულებრივი ქმედებებიც. მათ შორის, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში განზრახ არასრული და არასწორი მონაცემის შეტანა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის, დიდი ოდენობით. აგრეთვე, სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით. საქმე ეხება ს/ს “საქართველოს საზღვაო ბანკის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდს, როცა როსტომ ბოლქვაძემ თავისი უფლებამოსილების გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ ჩამოწერა და მიითვისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების ანგარიშზე შეტანილი, ამ უკანასკნელის კუთვნილი თანხა _ 2 065 654 ლარი.

სასამართლომ განაჩენი მსჯავრდებულის დაუსწრებლად გამოაცხადა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა ყოფილი მინისტრი 2004 წლის 26 აგვისტოდან დღემდე ძებნაშია.