დათო სამნიძე (ბათუმი)

 

`მირონცხებული~?! ანუ `ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ~!

                                                          `წერეთ, ძამა, არ შეფერხდეთ

                                                          ქაღალდით და მელნით!..

                                                          მარკებს უნდა აწებებდეთ

                                                          მაგისთანა ენით.~

                                                                      მურმან ლებანიძე

საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის ორგანიზაციის სალიტერატურო-საზოგადოებრივ ჟურნალ `ლიტერატურული აჭარის~ 2007 წლის #2-ში წავიკითხე რუბრიკა `კრიტიკაში~ დაბეჭდილი პროფესორ იური ბიბილეიშვილის სტატია `მირონცხებული~, რომელიც 2005 წელს ქალაქ ქუთაისში გამოცემული წიგნის _ თეიმურაზ ლანჩავას ლექსების ერთტომეულის შეფასებაა.

ჯერ თვით სათაურ `მირონცხებულის~ წაკითხვისას გაგიჩნდება კითხვა მკითხველს, მაგრამ ვისაც გსურს, იმას ჰკითხე _ ვერავინ დაგისაბუთებს თუ რითია მირონცხებული თეიმურაზ ლანჩავა. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, თეიმურაზ ლანჩავას ლექსები არ მაქვს წაკითხული და თუ პოეტის შემოქმედებას შევეხები, მხოლოდ ბატონი იურის მიერ სტატიაში შერჩეულ ნაწყვეტებს დავეყრდნობი, ოღონდ კრიტიკოსთან შედარებიЕუფრო ობიექტური ვიქნები.

სტატიის მეორე აბზაცი ასე იწყება: `არა, ის ლამაზი განცდა, როცა ამ ლექსის წაკითხვის დროს ეუფლება ადამიანს, ხმამაღლა არ უნდა გამოითქვას~. ეს განცდა ბატონი იურის მიერ ძალიან ხმამაღლა რომ არის გამოთქმული, აშკარად იგრძნობა, მაგრამ მხოლოდ წინადადების გაუმართაობაზე უნდა ვთქვა, უკეთესი იქნებოდა ასე: არა, ის ლამაზი განცდა, რომელიც ამ ლექსის წაკითხვის დროს ეუფლება ადამიანს, ხმამაღლა  არ უნდა გამოითქვას.

გაინტერესებთ რატომ წერს თეიმურაზ ლანჩავა უსათაუროდ და უთარიღოდ? თურმე `სათაური გასაღებიცაა ლექსის, ფანჯარაცაა, საიდანაც შეიძლება ჩაიხედო პოეტის ჩანაფიქრში, მაგრამ შემბოჭველიცაა, თუ ის არა მხოლოდ ლექსი, არამედ პოეზიაცაა~. ამ წინადადებაში `ის~ გულისხმობს სათაურს და სათაური რომ ლექსი და პოეზია ვერ იქნება, ეს ცხადია. `სათაური გასაღებიცაა ლექსის, ფანჯარაცაა~… _ აჯობებდა ასე: სათაური ლექსის გასაღებიცაა და ფანჯარაც. ე. ი. ბატონ იურის იმის თქმა უნდა, რომ სათაური ლექსის გასაღებია სხვა პოეტებთან, მაგრამ თეიმურაზ ლანჩავასთან (ანუ პოეზიასთან) შემბოჭველია. თქმა რომ უნდა ეს სხვაა და თუ ამბობს ეს კიდევ სხვა. ისევ მურმან ლებანიძე გამახსენდა:

                  `ერთი კაცი ხშირად ხმარობს

                  `რამეთუს~ და `ეგზომს~,

                  ტყვილა წერს და ტყვილა წვალობს _

                  ქართულ სიტყვას ვერ გრძნობს~.

შემდეგ ბატონი იური წერს: `ჩვენი თაობა, რომელიც საბჭოთა ეპოქიდან მოდის, პოეტის იდეურ ზემოქმედებას ლექსის სათაურიდანვე გრძნობდა~. რა თქმა უნდა, გალაკტიონი ბათუმის მზეზე წერდა, მაგრამ დაასათაურა `მთაწმინდის მთვარე~-დ და იდეურად შეაცდინა მკითხველი. `საბჭოთა მკითხველს ის უნდა დაენახა ლექსში, რასაც დაკვეთით დაწერილი ლექსის ავტორი გვთავაზობდა~. ეს სიტყვები ალბათ ეხება შემდეგ პოეტებს: გიორგი ლეონიძეს, ტერენტი გრანელს, ტიციან ტაბიძეს, პაოლო იაშვილს, სიმონ ჩიქოვანს, იოსებ ნონეშვილს და ა. შ. ყველას ვერ ჩამოვთვლი, ვინც დაკვეთით წერდა. როგორ, ვინმეს არ სჯერა, რომ ეს ასე იყო? ბატონი იური ასე ფიქრობს და რა გზა გვაქვს არ ვენდოთ. ისე, სხვათა შორის, ბატონო იური, `ლიტერატურულ აჭარას~ წინ უძღვის ასეთი ინფორმაცია: `იბეჭდება მხოლოდ რედაქციის მიერ შეკვეთილი მასალები~. ლიტერატურულ ჟურნალში რომ მხოლოდ რედაქციის მიერ შეკვეთილი მასალები იბეჭდება ეს ცალკე სასაუბრო და საგანგაშო თემაა, მაგრამ `შეკვეთილი მასალებიო~ და თქვენც შეკვეთით ხომ არ წერთ?

`ამ ლექსებს არც დაბადების თარიღი უზის და იმ თაობისათვის, რომელსაც ღრმად სწამდა, რომ ლექსისთვის აუცილებელი იყო დაბადების თარიღის მინიშნება (`ნუ მიატოვებ ლექსს უთარიღოდ~ (გალაკტიონი), ადვილი არ არის `უასაკო ლექსის~ შეგრძნება~.

ვაი, სირცხვილო! ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი პოეტებისთვის (რომელთაც ბატონი იური გალაკტიონის თაობად მიიჩნევს) და თვით გალაკტიონისთვისაც არ ყოფილა ადვილი თურმე ლექსის შეგრძნება.

გალაკტიონმა 1931 წელს დაწერა `ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ~ (და არა უთარიღოდ, როგორც ბატონ იურის ჰგონია) და აი, რა წერია ამ ლექსში:

                `არა თუ წლები გადეშვა ტყდომად,

                წამიც კი გატყდა და რეკავს ცხარედ…

                ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ _

                დროის, ეპოქის და სივრცის გარეთ!~

საცოდავ პოეტს ნამდვილად არ უნდა მიეტოვებინა (უფრო სწორად, არ უნდა დაეტოვებინა) თავისი შედევრები ყველასათვის ხელმისაწვდომად და დასამახინჯებლად. მაგრამ რას წარმოიდგენდა ასეთი შემფასებელი თუ  გამოუჩნდებოდა. თორემ თეიმურაზ ლანჩავამ როგორც კი დაწერა `ნამდვილი ლექსები~ `უთარიღოდ და უასაკოდ~ მაშინვე შეაფასა ისინი იური ბიბილეიშვილმა გადაუჭარბებლად.

ლექსში `თავს ზემოთ ღრუბლის ზღვა არის~ ვკითხულობთ:

                 `იღბალს, ღვთისმშობლის რომა ხარ,

                 ყველაფერს მიითვისებენ,

                 გვიან მიხვდები _ მონა ხარ~.

როგორი ქართულია? იღბალს, ღვთისმშობლის რომა ხარ. აქ არ იგულისხმება არც იტალიის საფეხბურთო კლუბი `რომა~ და არც ძველრომაული, ქალაქ რომის მფარველი ღვთაება რომა. მგონი ღვთისმშობლის წილხვედრი რომ არის საქართველო ეს იგულისხმება. თუმცა ცნობილია, რომ კავშირი `რომ~ ფორმაუცვლელია და რითმის სილამაზისთვის (რომა ხარ _ მონა ხარ) არ უნდა დავამახინჯოთ სიტყვები. ალბათ რუსთველის ნათქვამი `არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა~ _ თეიმურაზ ლანჩავას პირიქით გაუგია და შემცირების ნაცვლად გაუზრდია სიტყვა. გალაკტიონიც უნდა მოვიშველიო: `დამარცხებულა, ვისაც ენის გზა შეუცვლია!~.

`მოაზროვნე კაცის მორალური კოდექსივით ჟრერს პოეტის მეორე ლექსი `კაცი რამხელა~:

             `ღირსების მტერი დუმილია, სიმშვიდე კუჭის,

             როცა დუმილი მიილია, ყვირილი თუ გჭირს

             უნდა იყვირო, დაანახო მოყვარეს მტერი

             რომელნიც გძულდა მომხვეჭელი და ფეხთამტვერი.~

ეს როგორია? ყვირილი თუ გჭირს უნდა იყვიროო. არსებობს ასეთი გამოთქმა ყვირილი თუ გჭირს? ყვირილი მინდა, მსურს, შემიძლია… მაგრამ ყვირილი მჭირს გამორიცხულია. ამ შემთხვევაში მურმან ლებანიძე რას გეტყოდათ, იცით?

                 `კაცი თუკი მელექსეა,

                 მდარეც იყოს თუნდა,

                 ენა _ უპირველესია,

                 ეს ახსოვდეს უნდა~.

საინტერესოა, მე რომ დავწერო `სიცილი მჭირს და ვიცინი~, თუ ჩამითვლით მოაზროვნე კაცის მორალურ კოდექსად, ბატონო იური?

`თეიმურაზ ლანჩავა ღმერთთან მოლაპარაკე პოეტია~ იმიტომ, რომ კითხულობს `რა გჭირს სამშობლოვ?~. სამშობლომ რომ უპასუხოს: თეიმურაზ ყვირილი მჭირს და შენისთანებს და ბატონი იურისთანებს უნდა ვუყვიროო, არ იქნება გასაკვირი.

`თეიმურაზ ლანჩავა უაღრესად დამაჯერებელს ხდის `უკანასკნელი სიყვარულის~ სილამაზეს, რომელსაც გალაკტიონმა რამდენიმე სტრიქონი მიუძღვნა ერთ ლექსში და ამით დაამთავრა:

             U

              უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,

A             არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.

M             მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი,

              როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს.~

ჯერ ერთი, ეს ლექსი უკანასკნელ სიყვარულზე არაა დაწერილი; მეორე, `ამით დაამთავრაო~, რომ ბრძანებთ, ბატონო იური, ეს ლექსი ასე მთავრდება: `და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ!~; მესამე, ეს ლექსი გალაკტიონმა 1914 წელს დაწერა, როცა მხოლოდ 22 წლის იყო და უკანასკნელ სიყვარულამდე დიდი გზა ჰქონდა გასავლელი, ამიტომ არ თქვა არაფერი (თუ იქნებ თეიმურაზ ლანჩავას დაუტოვა სათქმელად ის, რასაც თვითონ ვერ ჩაწვდა?) ან, ალბათ სხვებს რომ ექილიკებოდა გალა `ნიჭი, ძამიკო, ნიჭიო~, თავად არ ეყო ის ნიჭი, რომელიც შემდეგ თეიმურაზ ლანჩავას აღმოაჩნდა. გალაკტიონი რომ მოსწრებოდა თეიმურაზ ლანჩავას აღარ იტყოდა: `ოჰ! კრება გაქვთ პოეტებს, ძამიკო?!~, ყველა სხვას ჰკადრა, მაგრამ თეიმურაზს ვერ აკადრებდა ამ სიტყვებს, ან რომ წაეკითხა ლანჩავას ლექსები, არც ამას დაწერდა:

             `ლექსებში ხშირად ყველაფერი თავის რიგზეა,

             სახე და ფორმა, რიტმიც თითქოს საკმარისია,

             მხოლოდ ერთი რამ არის ცუდი: ყოველი წესით

             თითქოს ლექსია, მაგრამ მაინც არ არის ლექსი~.

`ილია ჭავჭავაძის ცნობილი ლექსი `ალექსანდრე ჭავჭავაძე~ ადრესატის მხოლოდ პოეტური შემოქმედების სისადავეს, დახვეწილობას და ხალხურობას გვიხასიათებს~. გალაკტიონი ხომ შეაშფოთა იური ბიბილეიშვილმა, ახლა ილიასაც წაეპოტინა. ბატონო იური, ალექსანდრე ჭავჭავაძე 1846 წელს გარდაიცვალა, როცა ილია მხოლოდ 9 წლის იყო; შემდეგ 1860 წელს, როცა ეს ლექსი დაწერა ილიამ ალბათ უკვე გარდაცვლილი ალექსანდრეს შემოქმედებას გაეცნო და რისი თქმაც უნდოდა, თქვა. ისე, თქვენი სტატია რომ წაეკითხა ილიას, იცით რას დაწერდა? `ორიოდე სიტყვა პროფესორ იური ბიბილეიშვილის მიერ თეიმურაზ ლანჩავას ერთტომეულის ვაიქებაზედა~. სწორედ ილია ჭირდება დღევანდელ ქართულ კრიტიკას, რომ ჩემნაირმა არალიტერატორებმა არ დაიწყონ კრიტიკოსობა.

`ვაჟასთან შებედვა და მისი ლექსიდან სტრიქონების ციტირება-სესხება ახალგაზრდა პოეტს თვალმიუწვდენელ პასუხისმგებლობას აკისრებს _ მისცეს მოცემულ თემას შემოქმედებითი განვითარება~. ე. ი. თეიმურაზ ლანჩავა ახალგაზრდა პოეტი ყოფილა და ეპატიება `რომა ხარ~ და `ყვირილი თუ გჭირს~.

`…რითმები შეთანხმებულ მარცვალთა რაოდენობის მიხედვით _ ერთმარცვლოვანი ანუ დაქტილური, სამმარცვლოვანზე მეტი _ ზედაქტილური, ანუ ჰიპერდაქტილური რითმები…~. ბატონო იური, ერთმარცვლოვან რითმას ვაჟური ჰქვია, ორმარცვლოვანს _ ქალური, სამმარცვლოვანს _ დაქტილური, სამზე მეტ მარცვლოვანს _ ზედაქტილური ანუ ჰიპერდაქტილური.

`…მაგრამ მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე ტაეპების პირველი და მესამე სტროფები საერთოდ არ არის შერითმული…~, `ოსტატის ხელით არის ნაჭედი ტაეპიც, რომლის მეექვსე სტროფი მარცვალნაკლულია, მაგრამ სავსეა რითმით~. სირცხვილია, ბატონო იური, ნამდვილად სირცხვილია. ტაეპი არის ლექსის რიტმულ-ინტონაციური პროცესის მეტრულად განსაზღვრული ფონიკური და გრაფიკული ნორმა, რომელსაც ემორჩილება სინტაქსი. ხოლო სტროფი არის ლექსში ტაეპთა ჯგუფი, რომელსაც აერთიანებს შინაარსის, კომპოზიციის მთლიანობა, ზომისა და რითმის ერთგვაროვნება. მგონი ყველამ იცის, რომ სტროფი შედგება ტაეპებისაგან და არა ტაეპი სტროფებისაგან. რითმების კლასიფიკაცია და ტაეპი-სტროფის მიმართება ბატონ იურის აერია, ეგ მართალია, მაგრამ ლიტერატურულ ჟურნალს ნუთუ არ ჰყავს ერთი ქართული ენის ნორმალურად მცოდნე, რომ ასეთი უაზრობები არ დაიბეჭდოს?

`თეიმურაზ ლანჩავას შემოქმედებას~ `დამსახურებულად მივიჩნევთ ცხოვრების წიგნად~. არა, ბატონო იური, ეს არ არის ცხოვრების წიგნი და თქვენი კრიტიკა ხომ, მითუმეტეს, სამარცხვინოა.

`სამოცი წლის პოეტს აქვს უფლება თქვას…~. აბა, ახალგაზრდა პოეტიაო? ასე უცბად რამ დააბერა? ეჰ, ბატონო პროფესორო, თქვენც აგრევიათ წელთაღრიცხვა და ჩვენც გვირევთ.

`შთაბეჭდილების გადმოცემა თეიმურაზ ლანჩავას პოეტურ ერთტომეულზე უნდა დავასრულოთ მისივე ლექსის სტრიქონებით:

               `რაკი კალამს მირონი სდის,

               კალამი არ შეასვენოთ!~

მე, ბატონო იური, ჩემს შთაბეჭდილებებს თქვენს სტატიაზე და მასში მოყვანილი მსჯელობებით თეიმურაზ ლანჩავას შემოქმედებაზე დავამთავრებ მურმან ლებანიძის ლექსით:

               `სანამ `რა~ ანუ სანამ სათქმელი, _

               არა ზერელე, არა თავთხელი,

               არამედ სხვაში ფესვებგამდგმელი,

               პირადად შენთვის ქვესკნელს დამთქმელი, _

               არ მომწიფდება და არ დაჩნდება,

               სულს არ წარგიტყვევს, გულს არ ჩაგწვდება

               და არ შეიკვრის ვითარცა მუშტი _

               მკვეთრი, მართალი, სხარტი და ზუსტი, _

               ნუ აჩქარდები, ნუ იხმარ ძალას _

               ხელი არ მოჰკიდო კალამს!~

                                               14.10.2007

დათო სამნიძე

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის

“სამართალმცოდნეობის” სპეციალობის

III კურსის სტუდენტი