Ernest Hemingway
ერნესტ ჰემინგუეი

 ქართულ ენაზე მთარგმნელი კახაბერ როდინაძე (ადვოკატი, ქ. ბათუმი)

მოხუცი ხიდთან

დამტვერილ ტანსაცმელში ჩაცმული ფოლადის ჩარჩოს სათვალებიანი მოხუცი გზის პირას ჩამომჯდარიყო. მდინარეზე გადებულ პონტონის ხიდზე ორთვალები, სატვირთო ავტომანქანები, ქალები და ბავშვები გადმოდიოდნენ. ხიდიდან ციცაბო ფერდობზე ჯარისკაცების დახმარებით ხელით ამოგორებული საქონელშებმული ორთვალები ირეოდნენ. ნაპირზე მაღალი სიჩქარით ამომავალი სატვირთო ავტომანქანები გვერდით უხვევდნენ და დაუყოვნებლივ ტოვებდნენ იქაურობას. გლეხები კოჭებამდე მტვერში მილასლასებდნენ.

ნაბრძანები მქონდა ხიდზე გადასვლა, ხიდის გადაღმა მდებარე პლაცდარმის დაზვერვა და იმის დადგენა, თუ სადამდე შეძლო მტერმა წინ წაწევა. დავალება შევასრულე და უკან დავბრუნდი. უკვე არც ისე ბევრი ორთვალა და ძალიან ცოტა ქვეითად მოსიარულე იყო შემორჩენილი, მოხუცი კი ჯერ კიდევ აქ იყო.

– ”საიდან ხართ?”– ვკითხე.

–”სან კარლოსიდან”, – გაიღიმა.

მისი მშობლიური ქალაქი იყო. ამ სიტყვის გაგონება სიამოვნებდა. ამიტომაც გაიღიმა.

– ”ცხოველებზე ვზრუნავდი”, – ამიხსნა.

– ”ოჰ”, – ჩავილაპარაკე, თუმცა პასუხის მნიშვნელობა ბოლომდე ვერ გავაცნობიერე.

– ”დიახ”, – თქვა, – ”იმისთვის დავრჩი, რომ ცხოველებზე მეზრუნა. სან კარლოსი უკანასკნელმა მე დავტოვე”.

მოხუცი არ ჰგავდა მწყემს. შევხედე მის დამტვერილ შავ ტანსაცმელს, დამტვერილ ნაცრისფერ სახეს, ფოლადის ჩარჩოებიან სათვალეებს და გაკვირვებულმა ვკითხე:

– ”რომელი ცხოველები?”

– ”სხვადასხვა ცხოველები”, – მიპასუხა და თავი გააქნია, – ”იძულებული ვიყავი მიმეტოვებინა”.

ამ დროს ხიდსა და მდინარის გადაღმა მდებარე ებრო დელტას რაიონს ვათვალიერებდი. ეს ადგილი აფრიკას მაგონებდა. ვცდილობდი გამომეცნო, როდის გამოჩნდებოდა მტერი. ყურადღებით ვუსმენდი ყოველ ჩქამს, რომელსაც მტრის მოსალოდნელ მოახლოებაზე შეიძლებოდა მიენიშნებინა.

მოხუცი ჯერ კიდევ აქ იყო.

– ”რომელი ცხოველები?“ – ვიკითხე.

– ”სულ სამი ცხოველი“, – ამიხსნა, – ”ორი თხა და ერთი კატა, გარდა ამისა, ოთხი წყვილი მტრედი“.

–”იძულებული იყავით მიგეტოვებინათ?“ – ვიკითხე.

– ”დიახ, არტილერიის გამო. კაპიტანმა მითხრა, რომ ისინი უნდა მიმეტოვებინა. არტილერიის გამო”.

– ”ოჯახი გყავთ?” – ვიკითხე და თან ხიდის მოპირდაპირე მხარეს ვათვალიერებდი, რომელზედაც ამ დროს ციცაბო ფერდობიდან ჩამომავალი უკანასკნელი რამდენიმე ორთვალა მოიჩქაროდა.

– ”არა”, – თქვა, – ”მხოლოდ ცხოველები. კატას, რა თქმა უნდა, არაფერი შეემთხვევა. კატას თვითონ შეუძლია იზრუნოს საკუთარ თავზე, მაგრამ სხვები?”

– ”რას ფიქრობთ პოლიტიკის შესახებ?” – ვიკითხე.

–”პოლიტიკა არ მაინტერესებს”, – თქვა, – ”სამოცდათექვსმეტი წლის ვარ. თორმეტი კილომეტრი გამოვიარე. მეტი სიარული აღარ შემიძლია…”

– ”ეს ის ადგილი არ არის, სადაც თქვენ დასვენებას შეძლებთ”, – ვთქვი, – ”გაჰყევით ამ გზით მიმავალ რომელიმე სატვირთო ავტომანქანას. მოგვიანებით ეს გზა ქალაქ ტორტოზას მიმართულებით გადაუხვევს”.

– ”ცოტა ხანს მოვიცდი”, – თქვა, – ”და შემდეგ წავალ. რა მიმართულებით მიდიან სატვირთო ავტომანქანები?”

– ”ბარსელონას მიმართულებით”, – ვუპასუხე.

– ”არავის ვიცნობ იქ”, – თქვა, – ”მაგრამ მაინც დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა”.

მოხუცმა სახის უაზრო გამომეტყველებით შემხედა, შემდეგ კიდევ ერთხელ შემომჩივლა:

– ”კატას არაფერი შეემთხვევა. დარწმუნებული ვარ. არ ღირს კატაზე დარდი. მაგრამ სხვები? რას ფიქრობთ სხვების შესახებ?”

– ”ყველაფერი კარგად იქნება”.

– ”ასე ფიქრობთ?”

–”რატომაც არა”, – ვუპასუხე და გავარგძელე მდინარის მოპირდაპირე ნაპირის დაზვერვა, სადაც უკვე აღარც ორთვალები ჩანდა.

–”მაგრამ არტილერია… რა შეემთხვევათ მათ……მაშინ, როცა კაპიტანმა თვითონ მე მითხრა იქაურობა დამეტოვებინა. არტილერიის გამო…”

– ”მტრედების გალიის კარი ღია დატოვეთ?”– ვიკითხე.

– ”დიახ”.

– ”მაშინ ისინი გაფრინდებოდნენ”.

–”დიახ, ისინი გაფრინდებოდნენ, მაგრამ სხვები? უკეთესია, თუ სხვებზე არ ვიფიქრებ”. – თქვა.

– ”თქვენ უკვე დაისვენეთ? მე უნდა წავიდე”, – ვჩქარობდი, – ”წამოდექით, შეეცადეთ, რომ ახლავე წაბრძანდეთ”.

– ”გმადლობთ”, – თქვა და ძლივს წამოდგა. შეტორტმანდა. ფეხზე ძლივს იდგა. იძულებული იყო ისევ მტვერში დამჯდარიყო…

– ”ცხოველებზე ვზრუნავდი… მხოლოდ ცხოველებზე ვზრუნავდი…” – თქვა უაზროდ, უმისამართოდ…

ყველაფერი ნათელი იყო. კვირა დღე იყო. აღდგომა. ფაშისტები ებროს მიმართულებით უტევდნენ. ნაცრისფერი ღრუბლები იმდენად დაბლა ჩამოწვენილიყვნენ, რომ თვითმფრინავებს ფრენა არ შეეძლოთ. ფაშისტური ავიაცია აღარ ჩანდა. ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება, რაც კი მოხუცს შეეძლო ესურვა, – და კიდევ იმის შეგნება, რომ კატებს შეუძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა.

ქართულ ენაზე მთარგმნელი კახაბერ როდინაძე (ადვოკატი, ქ. ბათუმი)