კახაბერ როდინაძე (ადვოკატი, ქ. ბათუმი)

გულივერი ბაქია

დებო და ძმებო!
თანამემამულენო!
მე ვარ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, თავადი გულივერ ბაქია!
სახელად გულივერ… გვარად ბაქია…
ვინ არის ბარონი მიუნჰაუზენი… რა მიუნჰაუზენი, რის მიუნჰაუზენი…
მე ვარ ვინც ვარ…
გულივერი ბაქია!
უჰ, რა ბაქია ვარ… რა ბაქია…
იცით თუ არა თქვენ, რომ ჩვენმა სახელოვანმა არქეოლოგებმა საქართველოში, კერძოდ… დმანისის რაიონში… აღმოაჩინეს 1,7 მილიონი წლის უკან მცხოვრები პირველი ორი ადამიანის ჩონჩხი?
ჩვენმა სახელოვანმა არქეოლოგებმა მათი სახელებიც გაიგეს…
ჰკითხეს და გაიგეს…
ზეზვა და მზია…
«მაგრამ ვაგლახ ეს სოფელი,
გაახარებს ვინმეს განა?»
ჩვენმა სახელოვანმა არქეოლოგებმა ვერ გაიგეს ზეზვას და მზიას გვარი…
სამაგიეროდ მე გავიგე…
ვიკითხე და გავიგე…
ახლა თქვენაც გაიგებთ…
ზეზვა და მზია დმანისელები იყვნენ……
მეც დმანისელი ვარ…
ანუ…
ზეზვა და მზია ჩემი უშუალო წინაპრები არიან…
ანუ…
ვინაიდან ჩემი გვარი არის ბაქია…
ვინაიდან ზეზვა და მზია ჩემი უშუალო წინაპრები არიან…
ამიტომ ზეზვას და მზიას გვარი არის ბაქია…
ანუ…
ზეზვა ბაქია და მზია ბაქია არიან პირველი ბაქიები მსოფლიოს ისტორიაში…
მე კი ვარ პირველი ბაქია საქართველოს ისტორიულ მეცნიერებაში…
ვაშა! ვაშა! ვაშა!


გაუმარჯოს საქართველოს ისტორიულ მეცნიერებას!
მიყვარს საქართველოს ისტორიული მეცნიერება…
რაც უნდა ვთქვა, ყველაფერი სჯერათ…
ამიტომ მიყვარს საქართველოს ისტორიული მეცნიერება…
ვაშა! ვაშა! ვაშა!
რაც უნდა ვთქვა, ყველაფერი სჯერათ…
სამაგიეროდ, რაც უნდა თქვან საქართველოს ისტორიულ მეცნიერებაში მოღვაწე სხვა ჩემსავით თავადებმა, – მე მჯერა…
ყველაფერი მჯერა…
როგორ არ უნდა დავიჯერო, ისინიც ხომ ჩემსავით ტანადები და თავადები არიან…
არც არის გასაკვირი…
მხოლოდ თავადებმა შეიძლება დაიჯერონ და სხვებიც დააჯერონ, მათსავით თავადები, რომ ჩვენი წინაპრები იმდენად ტანადები – ტანით დიდები, იყვნენ, რომ ბრძოლის ველზე 30-ჯერ, 40-ჯერ, 50-ჯერ უფრო მრავალრიცხოვან მტერს ებრძოდნენ და ამარცხებდნენ…
რატომ უნდა დააჯერონ?
იმიტომ, რომ არათავადები, – ქონდრისკაცები, ლილიპუტები, – დააჯერონ, რომ შესაძლებელია 30-ჯერ, 40-ჯერ, 50-ჯერ უფრო მრავალრიცხოვან მტერთან შებრძოლება და ამ ზღაპრული ბრძოლის მოგება…
რისთვის უნდა დააჯერონ?
იმისთვის, რომ არათავადები, – ქონდრისკაცები, ლილიპუტები, – 30-ჯერ, 40-ჯერ, 50-ჯერ უფრო მრავალრიცხოვან მტერს ბრძოლაში გააწყვეტინონ…
რისთვის?
იმისთვის, რომ თვითონ თავადები, – თავით დიდები, თავგასიებულები, – ბრძოლის ველიდან რეკორდულად სწრაფად გაიქცნენ!
უჰ, უჰ, რა ჭკვიანები ვართ, რა ჭკვიანები…
უჭკვიანესები…
ტანადები – ტანით დიდები…
თავადები – თავით დიდები…
თავგასიებულები…
ვაშა! ვაშა! ვაშა!
გაუმარჯოს საქართველოს ისტორიულ მეცნიერებას!
ვაშა! ვაშა! ვაშა!
კიდევ ვის გაუმარჯოს?
გაუმარჯოს საქართველოს სახელმწიფო ცირკს!
რატომ?
იმიტომ, რომ დიდი განსხვავება არც არის…
რა საქართველოს ისტორიული მეცნიერება და რა საქართველოს სახელმწიფო ცირკი…
ერთნაირად აზროვნებენ…
ერთნაირად ართობენ მაყურებელს…
ამიტომ მიყვარს ერთიც და მეორეც…
საქართველოს ისტორიული მეცნიერებაც…
და…
საქართველოს სახელმწიფო ცირკიც…
როგორ ართობენ?
ჰა-ჰა-ჰა!
აი, მაგალითად…
ბოლო გასართობი…
საქართველოს სახელმწიფო ცირკის მეცნიერების…
და…
საქართველოს ისტორიული მეცნიერების კლოუნების მიერ…
ღრმა…
მეცნიერული კვლევების შედეგად…
გაკეთებული იქნა…
ახალი პარანოიდალურ-შიზოიდური აღმოჩენა…
იაპონელები არ არიან იაპონელები…
ინგლისელები არ არიან ინგლისელები…
ნამდვილი იაპონელები და ნამდვილი ინგლისელები სინამდვილეში ქართველები არიან…
ისინი 3 000 წლის უკან გაქართველდნენ…
ხოლო ისინი, რომლებიც დღეს თავიანთ თავს იაპონელებს და ინგლისელებს ეძახიან, სინამდვილეში ჩრდილოეთ-კავკასიელები არიან!
ამიტომ გაეთრიონ იაპონიიდან და ინგლისიდან…
და…
აფხაზებთან ერთად წაეთრიონ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში – ჩრდილოეთ კავკასიაში!
გაბრწყინდება საქართველო – ორ ოკეანეს შორის!
გაუმარჯოს საქართველოს – ატლანტიკის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე!
ვაშა! ვაშა! ვაშა!
გაუმარჯოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3 000 წელს!
3 000 წელი…
უჰ, რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ…
– აბა, დაასახელეთ თუნდაც ერთი თანამედროვე სახელმწიფო, საქართველოს გარდა, რომელსაც სახელმწიფოებრიობის 3 000 წლის ისტორია აქვს…
ვერ ასახელებთ?
ვერც დაასახელებთ…
გაუმარჯოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3 000 წელს!
არა…
გაუმარჯოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის 6 000 წელს!
არა…
გაუმარჯოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის 9 000 წელს!
არა…
მოიცადეთ…
ახლა დამარტყა თავში…
რატომ 9 000 წელი?
დმანისში ჩემი წინაპრები ზეზვა და მზია ბაქიები ხომ 1,7 მილიონი წლის უკან ცხოვრობდნენ…
ოჰ, რა ბაქიები იყვნენ, რა ბაქიები…
ჰოდა…
მაშასადამე…
საქართველოს სახელმწიფოებრიობას 3 მილიონი წლის ისტორია აქვს!
გაუმარჯოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის 5 მილიონ წელს!
ვაშა! ვაშა! ვაშა!

P.S.
დაასახელეთ თუნდაც ერთი თანამედროვე სახელმწიფო, საქართველოს გარდა, რომელსაც სახელმწიფოებრიობის 3 000 წლის ისტორია აქვს.

 

კახაბერ როდინაძე (ადვოკატი,  ქ. ბათუმი)