კახაბერ როდინაძე (ადვოკატი,  ქ. ბათუმი)

«ენერგო-პრო ჯორჯიის» ენერგო-კოლმეურნეობები

2007 წელს ჩეხურმა ენერგოკომპანიებმა «ენერგო-პრო ეი.ეს.”-მა და «ენერგო-პრო ჯორჯია»-მ იყიდეს ქართული ენერგოკომპანიები სს «საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია» და შპს «აჭარის ენერგოკომპანია». «ენერგო-პრო ჯორჯიამ» დაუყოვნებლივ დაიწყო ბიზნესის კეთება, ანუ დახარჯული ფულის უკან ამოღება მაქსიმალური მოგებით,  ანუ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც 1991-2007 წლებში, 16 წლის განმავლობაში,  ვერ შეძლო შპს «აჭარის ენერგოკომპანია»-მ.

შპს «აჭარის ენერგოკომპანიის» მიერ ბაზარზე გატანილი ელექტროენერგიის 40% იქურდებოდა, დარჩენილი 60% ელექტროენერგიის ღირებულების მხოლოდ ნახევარი იყო გადახდილი. შედეგად, შპს «აჭარის ენერგოკომპანია» არაგადახდისუნარიანი გახდა და გაკოტრების საფრთხის წინაშე იდგა.

ჩეხურმა ენერგოკომპანიამ «ენერგო-პრო ჯორჯიამ» დაიწყო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდევინება, გადასახადების არ გადამხდელებისთვის — ელექტროენერგიის მიწოდების მასობრივი შეწყვეტა, ელექტროენერგიის ქურდებისთვის — ჯერ ფანტასტიკური ჯარიმების გადახდევინება, შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

მოსახლეობა აღშფოთებულია.

რატომ?

იმიტომ, რომ ჩეხურმა ენერგოკომპანიამ «ენერგო-პრო ჯორჯიამ» ბიზნესის კეთება საქართველში დაიწყო არა ჩეხურ-ევროპული, არამედ ქართულ-აზიური მეთოდებით, თანაც არა უბრალოდ ქართულ-აზიური, არამედ საბჭოთა-ქართულ-აზიური მეთოდებით.
როგორ?

ძალიან მარტივად. ჩეხურმა ენერგოკომპანიამ «ენერგო-პრო ჯორჯიამ» დაიწყო კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრების პოლიტიკის გატარება.

XX საუკუნის 20-იან წლებში იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა საქართველოში კოლმეურნეობები შექმნა და გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევებში კოლმეურნეობის ყველა წევრს, თითოეულის ბრალის მიუხედავად, ან სიკვდილით სჯიდა, ან ციმბირში ასახლებდა.

XXI საუკუნის დასაწყისში ჩეხურმა ენერგო-კომპანიამ «ენერგო-პრო ჯორჯიამ» საქართველოში ახალი ტიპის კოლმეურნეობები შექმნა — ქალაქებში და სოფლებში ყოველ 30-70 ოჯახზე თითო კოლექტიური მრიცხველი დააყენა და კოლექტიურ მრიცხველზე აღრიცხული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში ყველა ოჯახს, თითოეულის ბრალის მიუხედავად, სასჯელად ელექტროენერგიის მიწოდებას უწყვეტს — «ენერგო-პრო ჯორჯიამ» ციმბირი საქართველოში  ჩამოიტანა.  

1991 წლის 21 დეკემბერს საბჭოთა კავშირი დაიშალა — საბჭოთა კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმი დამარცხდა.

2007 წელს საქართველოში საბჭოთა კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმი შეცვლილი ფორმით აღსდგა. შეიქმნა ენერგო-ტოტალიტარული სისტემა — ჩეხურ-ქართულ-აზიური ენერგო-კოლმეურნეობები.

საინტერესოა, რომ ჩეხური ენერგოკომპანიისთვის ქართული შპს «აჭარის ენერგოკომპანიის» მიყიდვის წინ სახელმწიფომ არაგადახდისუნარიანი და ფაქტიურად ბანკროტი შპს «აჭარის ენერგოკომპანია» ყველა ვალისგან გაათავისუფლა (?!) და ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდა (?!).

ჩნდება ლოგიკური კითხვა. რატომ? ნუთუ შპს «აჭარის ენერგოკომპანიისთვის» ვალების ჩამოწერა და ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა შპს «აჭარის ენერგოკომპანიის» გაყიდვამდე არ შეიძლებოდა? ამ შემთხვევაში ხომ თვით ისეთი ქრონიკული ავადმყოფიც კი, როგორიც შპს «აჭარის ენერგოკომპანია» იყო, შეძლებდა, პროფესიონალური მმართველობის პირობებში,  საკმარისი მოგების მიღებას ენერგო-ქსელების აღსადგენად. ნუთუ ამის ერთადერთი ახსნა ის არის, რომ შპს «აჭარის ენერგოკომპანია» სახელმწიფო საკუთრება იყო, ხოლო სააქციო საზოგადოება «ენერგო-პრო ჯორჯია» არასახელმწიფო, კერძო, და ამიტომ მშობლიური არის? ვისთვის? ვისთვის არის მშობლიური?

ვინც უნდა იყვნენ სააქციო საზოგადოება «ენერგო-პრო ჯორჯიის» აქციონერები, ვინც უნდა იდგნენ «ენერგო-პრო ჯორჯიის» აქციონერების უკან, მაინც, ნებისმიერ შემთხვევაში, «ენერგო-პრო ჯორჯია»  ვალდებულია მოქმედებდეს სახელმწიფოს,  კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

სემეკ-ის 2007 წლის 30 მაისის დადგენილებაში #9 არსად წერია, რომ ენერგო-კომპანიას უფლება აქვს საერთო მრიცხველის მიერ აღრიცხული ელექტროენერგიის ღირებულება გაყოს ყველა მომხმარებლის რაოდენობაზე და საშუალო-არითმეთიკული ციფრის მიხედვით ყოველ მომხმარებელს თანაბარი გადასახადი გადაახდევინოს.

სემეკ-ის 2007 წლის 30 მაისის დადგენილება #9-ის მე-12-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თუ თქვენი ელეტრომრიცხველი დაყენებულია ენერგო-კომპანიის მიერ და ტექნიკურად გამართულია, მაშინ საერთო მრიცხველზე აღრიცხულ და თქვენი (თქვენი მეზობლების) ელეტრომრიცხველის მიერ აღრიცხულ ელექტროენერგიას შორის განსხვავების შემთხვევაში თქვენ და თქვენმა მეზობლებმა 2007-2009 წლებში უნდა გადაიხადოთ ამ განსხვავების მხოლოდ 10-20%, და არა 100%, ხოლო თუ თქვენი ელექტრომრიცხველი გამართულია, თუ თქვენ გაქვთ «ენერგო-პრო-ჯორჯიის» მიერ ჩატარებული ტექნიკური დათვალიერების აქტი, მაგრამ ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ განხორციელებულა კომპანიის მიერ,  მაშინ საერთო მრიცხველზე აღრიცხულ და თქვენი (თქვენი მეზობლების) ელეტრომრიცხველის  მიერ აღრიცხულ ელექტროენერგიას  შორის განსხვავების შემთხვევაში თქვენ და თქვენმა მეზობლებმა 2007-2009 წლებში უნდა გადაიხადოთ ამ განსხვავების მხოლოდ 5-35%, და არა 100%.

მაგრამ «ენერგო-პრო ჯორჯია» მონოპოლისტია. ელექტროენერგიის მომხმარებელს კი შესაძლებლობა არ აქვს ელექტროენერგიის სხვა მიმწოდებელთან დადოს ხელშეკრულება.

სახელმწიფომ «ენერგო-პრო ჯორჯიასთან» ისეთი ხელშეკრულება დადო, რომლითაც «ენერგო-პრო ჯორჯია» აჭარაში ელექტროენერგიის ერთადერთი მიმწოდებელი გახდა. «ენერგო-პრო ჯორჯია» ვალდებულია მომხმარებელს მოაწოდოს ელექტროენერგია, რომლის ძაბვაა 220 ვოლტი, სიხშირე 50 ჰერცი, მაგრამ სისტემატიურად აწოდებს ელექტროენერგიას, რომლის ძაბვაა არა 220, არამედ 160  ვოლტი, სიხშირე არა 50 ჰერცი, არამედ 49 ან 48.5 ჰერცი. რატომ? რატომ და იმიტომ, რომ ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდების დროს ელექტრომრიცხველი უბრალოდ ბრუნავს და აღრიცხავს მოხმარებულ ელექტროენერგიას, მაგალითად, ელექტროგამათბობელი მოწყობილობის მიერ ოთახის გათბობისთვის დახარჯულ ელექტროენერგიას, ხოლო უხარისხო ელექტროენერგიის მიწოდების დროს ელექტრომრიცხველი მეტჯერ უნდა დაბრუნდეს, იმისთვის, რომ იგივე ფაქტიურად დახარჯული ენერგია აღრიცხოს, მაგალითად, ელექტროგამათბობელ მოწყობილობას უხარისხო ელექტროენერგის მიწოდების დროს ოთახის გასათბობად იმაზე რამდენჯერმე მეტი დრო სჭირდება, და ელექტრომრიცხველის მეტი დაბრუნება,  ვიდრე ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდების დროს დასჭირდებოდა, ანუ მომხმარებელი იმაზე რამდენჯერმე მეტს იხდის, ვიდრე უნდა იხდიდეს.

იმის გარდა, რომ სემეკ-ის მიერ სპეციალურად «ენერგო-პრო ჯორჯიისთვის» მიღებული  2007 წლის 30 მაისის #9 დადგენილება ანტიკონსტიტუციურია, იმის გარდა, რომ «ენერგო-პრო ჯორჯია» აქტიურად არღვევს სემეკ-ის ამ დადგენილებისაც კი და ელექტროენერგიის მომხმარებლებს ახდევინებს იმაზე მეტს, ვიდრე უნდა ახდევინებდებს, ამის გარდა, არის უამრავი სხვა დარღვევაც, მაგალითად, «ენერგო-პრო ჯორჯიამ» მოიფიქრა და ფულის გადახდა დააკისრა არა მარტო სააქიოში მყოფ ცოცხლებს, არამედ საიქოში მყოფ მკვდრებსაც, მაგალითად,  ქალაქ ქობულეთში, ნინოშვილის ქუჩა #2-ში მცხოვრები გოგი დობორჯგინიძე უკვე 5 წელია, რაც გარდაიცვალა. აწ გარდაცვლილი ბატონ გოგი დობორჯგინიძის ახლობლები ქალაქ მოსკოვში ცხოვრებენ, სახლი უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში დაკეტილია, მიუხედავად ამისა, «ენერგო-პრო ჯორჯიამ» მოიფიქრა და საიქიოში მყოფ გოგი დობორჯგინიძეს 200 ლარიანი ქვითარი მაინც გაუგზავნა.

ქალაქ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა, კორპუს #153-ში, მდებარე ინდმეწარმე «ირემაძე თემურის სადურგლო» 2007 წლის ივლისში დაიხურა იმის გამო, რომ სადურგლო დაზგის  ელექტროძრავა გადაიწვა. ამის შემდეგ ბატონმა თემურ ირემაძემ სადურგლოდან საერთოდ გაიტანა სადურგლო დაზგა, მოხსნა ელექტროგაყვანილობა და ელექტრომრიცხველი, რის შესახებაც გააფრთხილა რაიონის ელექტრიკოსი. 2007 წლის ივლისში მისი დავალიანება «ენერგო-პრო ჯორჯიისადმი» იყო 70 ლარი. 2008 წლის 22 თებერვალს «ენერგო-პრო ჯორჯიამ» ბატონ თემურ ირემაძეს გაუგზავნა ქვითარი (61-109043), რომელშიც წერია, რომ თემურ ირემაძე ვალდებული იყო «ენერგო-პრო ჯორჯიისთვის» 132 ლარი გადაეხადა.

ქალაქ ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩა, #327-ში მდებარე ერთ-ერთი ტრიალი მინდორის მესაკუთრეს, რომელსაც არა თუ ელექტრომრიცხველი, არამედ სახლი საერთოდ არ აქვს (ქალაქ ქობულეთში მდებარე სახლი რამდენიმე წლის უკან ავარიულობის გამო დაინგრა), ადამიანს, რომელიც მეზობლებს წლების განმავლობაში თვალითაც არ უნახავთ, «ენერგო-პრო ჯორჯიამ» ქალაქ ქობულეთში ტრიალი მინდორის ქონისთვის 300 ლარიანი ქვითარი გაუგზავნა.

ჩვენს კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ელექტროქსელიდან გათიშულ ელექტრომრიცხველზე ენერგო კომპანიამ მაინც დაარიცხოს გადასახადი, «ენერგო-პრო ჯორჯიის» საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსმა ბატონმა გიორგი სურმავამ უპასუხა, რომ ეს შეუძლებელია.  
იმის შემდეგ, რაც ქალაქ ქობულეთში და ქობულეთის რაიონში მოსახლეობის მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოეწყო, დაიწყო ე.წ. «ხმების» გავრცელება, თითქოს ქალაქ ქობულეთის გამგეობამ «ენერგო-პრო ჯორჯიის» წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, ხოლო ქალაქ ქობულეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ამ ე.წ. «ხმების» სისწორის შესამოწმებლად ამ სტრიქონების ავტორმა ქალაქ ქობულეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ოთარ ხინიკაძეს მიმართა. ბატონი ოთარ ხინიკაძე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მართლაც ძალიან რთულია არც მწვადი დაწვა, არც შამფური, მართლაც ძალიან რთულია, არც საკუთარ ამომრჩეველ ხალხს აწყენინო, არც «ენერგო-პრო ჯორჯიას». ალბათ ამიტომაც განაცხადა ბატონმა ოთარ ხინიკაძემ, რომ პირადად ის ძალიან განაწყენებულია «ენერგო-პრო ჯორჯიაზე”, ვინაიდან «ენერგო-პრო ჯორჯიამ» მის ხალხს აწყენინა, მაგრამ სასამართლოში სარჩელი არც მას შეუტანია, და რამდენადაც მან იცის, არც წინა გამგებელს.

თუმცა ბატონ ოთარ ხინიკაძეს უხერხულ მდგომარეობაში მარტო «ენერგო-პრო ჯორჯია» არ აყენებს, იმიტომ, რომ ქალაქ ქობულეთის გამგეობა ძალიან საინტერესო დაწესებულებაა. ამ დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქეებს კორიდორში ფეხზე მდგომებს საათების განმავლობაში ალოდინებენ, ხოლო  გამგებლის მდივანი, ვინმე ირმა, ბეჯითად დარაჯობს სკამებით გაწყობილ ე.წ. “მისაღებ ოთახს”.

ქალაქ ქობულეთის სასამართლოს კანცელარიაში  განაცხადეს, რომ ქალაქ ქობულეთის გამგეობიდან «ენერგო-პრო ჯორჯიის» წინააღმდეგ სარჩელი არ შესულა.

ქალაქ ქობულეთის პროკურატურაში პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა, რომ ქალაქ ქობულეთის პროკურატურაში არც ქალაქ ქობულეთის გამგეობას, არც რომელიმე სხვა დაწესებულებას, არც კერძო პირს განცხადება «ენერგო-პრო ჯორჯიის» წინააღმდეგ არ შეუტანია.

ჩვენი აზრით, ენერგო-კოლმეურნეობების შექმნა და საქართველოს მოქალაქეებზე კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრება ველურობაა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს ყოველმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს მხოლოდ იმ საქონლის (ელექტროენერგიის, გაზის, ქვანახშირის, ბენზინის, ნავთის და ა.შ.) ღირებულება, რომელიც თვითონ მოიხმარა, და არა მეზობელმა, ან ქუჩაში შემთხვევითმა გამვლელმა, მაგრამ საქართველოს მთავრობის იმ წევრებს, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს სემეკ-ის 2007 წლის 30 მაისის #9 დადგენილების მიღებას, ამ სტრიქონების ავტორისგან, და საქართველოს მოსახლეობის მეტი ნაწილისგან, განსხვავებული აზრი ჰქონდათ, აქვთ და ყოველთვის ექნებათ, — მანამ სანამ ხელისუფლებაში არიან.                                                          

P. S.
ეს სტატია დაწერილია 2008 წელს, მაგრამ მაშინ როგორც სახელისუფლებო, ისე ფსევდო-ოპოზიციურმა პრესამ “პრინციპულად” არ დაბეჭდა.
კახაბერ როდინაძე (ადვოკატი,  ქ. ბათუმი)

Advertisements