კახაბერ როდინაძე  (საქართველო)

პარადოქსი საქართველოს კონსტიტუციაში

ტესტები გონაბამახვილებისათვის:
1. შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ 1991 წლის 31 მარტს დაადასტურეთ, რომ უკვე შეჭამეთ ტორტი, რომელიც 8 დღის შემდეგ , 1991 წლის 9 აპრილს გამოცხვა?
2. შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ 1991 წლის 9 აპრილს დაადასტურეთ, რომ უკვე შეჭამეთ ტორტი, რომელიც 8 დღით ადრე, 1991 წლის 31 მარტს უკვე შეჭმული იყო?
ტესტების პასუხი გონებაჩლუნგებისათვის:
- არა.
კონსტიტუცია სახელმწიფოს ძირითადი კანონია. ყურადღებით წავიკითხოთ და გავაანალიზოთ საქართველოს ძირითადი კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი:
„საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“.
დავსვათ რამდენიმე ელემენტარული კითხვა:
1.თუ, საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმით დადასტურებულია, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო,მაშინ რა საჭირო იყო 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი? როგორ, საქართველო, მსოფლიოში ერთადერთი, „ორმაგი“ დამოუკიდებლობის მქონე სახელმწიფოა?
2.თუ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება 1991 წლის 9 აპრილს მოხდა, მაშინ როგორ არის დადასტურებული1991 წლის 31 მარტს (ანუ 8 დღით უფრო ადრე) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმით, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო?
რა ხდება? რატომ არის კონსტიტუციის პირველივე მუხლში ასეთი შინაგანი წინააღმდეგობა? გავიხსენოთ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე გამოტანილი საკითხის ფორმულირება:
„ეთანხმებით თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“
სარეფენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყეტის მომხრე იყო კენჭისყრაში მონაწილთა 99.08%, რის საფუძველზეც 1991 წლის 9 აპრილს პარლამენტმა მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, ე. ი. ჯერ იყო 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი (საერთო–სახალხო გამოკითხვა), რომელსაც პრინციპში არ შეეძლო დაედასტურებინა ის, რაც იმ მომენტში ბუნებაში არ არსებობდა, ანუ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. საქმე ისაა, რომ საქართველო იმ მომენტში იურიდიულად საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. საქართველო იურიდიულად დამოუკიდებელი 1991 წლის 9 აპრილს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველზე გახდა, ანუ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 8 დღის შემდეგ.
ლოგიკის ელემენტარული კანონების თანახმად, ერთ სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს დამოუკიდებლობის გამოცხადების ან დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენის მხოლოდ ერთი დღე, და არა 2, 3, … 365 ან 366. საქართველოსთვის ასეთი დღე 1991 წლის 9 აპრილია. სწორედ 9 აპრილი არის გამოცხადებული სახელმწიფო დღესასწაულად, როგორც „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე.” მაგრამ, საინტერესო ის არის, რომ საქართველოში არის კიდევ ერთი დღესასწაული მსგავსი სახელწოდებით: 26 მაისი. ამ დღესასწაულს ჰქვია:„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე“. კი მაგრამ, რამ განასხვავა «საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე“ და „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე?“
როგორ, ჯერ 1991 წლის 9 აპრილი,„საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე“ იყო, შემდეგ კი 1918 წლის 26 მაისი, „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე?“ ჯერ დამოუკიდებლობის აქტის აღდგენის დღე იყო, შემდეგ კი დამოუკიდებლობა აღდგა? 73 წლის წინ? თუ შემდეგ? ხვალ იყო გუშინ? გუშინ იქნება ხვალ? ჯერ შედეგი – შემდეგ მიზეზი? სასაცილოა.
კითხვა:
2006 წლის 9 აპრილს,„საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის“ რამდენი წლისთავი შესრულდა? სწორია. 15 წლისთავი. კიდევ ერთი კითხვა. 2006 წლის 26 მაისს „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღის“ რამდენი წლისთავი შესრულდა? საინტერესო კითხვაა, არა? 2006 წლის 26 მაისს გამოკლებული 1918 წლის 26 მაისი არის 88 წლისთავი. კი მაგრამ, 2006 წლის 26 მაისს საქართველო 88 წლის განმავლობაში დამოუკიდებელი იყო? არა, არ ყოფილა. თუ იმ ლოგიკით ვიხელმძღვანელებთ, რომ იყო, მაშინ გამოდის, რომ საქართველო კი არ ყოფილა 1921 — 1991 წლებში რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული, არამედ პირიქით, რუსეთი იყო თურმე 70 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ ოკუპირებული და ანექსირებული. სასაცილოა, არა? რა? 1918 — 1921 წლებში არსებულ სახელმწიფოს «საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა» ერქვა, დღეს არსებულ სახელმწიფოს კი — «საქართველო»? და 1918 — 1921 წლებში არსებული სახელმწიფოს კანონმემკვიდრეა? სწორია, კანონმემკვიდრეა, 1992 წლის თებერვლიდან,და არა 1991 წლის 9 აპრილიდან. თუმცა საიდანაც უნდა დავთვალოთ, 88 წლისთავი არც ართ შემთხვევაში არ გამოდის. თუმცა კანონმემკვიდრეობა რა შუაშია, როცა საქმე დამოუკიდებლობას ეხება? რას ნიშნავს სიტყვა «დამოუკიდებლობა»? — როცა სხვაზე არ ხარ დამოკიდებული. სხვაზე «დამოკიდებულობის» «დამოუკიდებლობად» დღესასწაული რას ნიშნავს?
წარმოვიდგინოთ სიტუაცია, ერთი პატარა გოგონა, სახელად ალისა, ეროვნებით ინგლისელი, ჩამოდის საქართველოში – საოცრებათა ქვეყანაში. მას ეუბნებიან, რომ 9 აპრილი საქართველოში სახელმწიფო დღესასწაულია – „ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეა,” სწორედ ამ დღეს, 1991 წლის 9 აპრილს მიიღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. წარმოვიდგინოთ, რომ ალისა რჩება საქართველოში და აი, 26 მაისს მას კვლავ ეუბნებიან, რომ 26 მაისიც სახელმწიფო დღესასწაულია – „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა“,სწორედ ამ დღეს,1918 წლის 26 მაისს აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, ალისას არ შეიძლება არ გაუჩნდეს კითხვა, რამდენჯერ შეიძლება იყოს ერთი და იგივე ქვეყანა დამოუკიდებელი? წარმოვიდგინოთ, რომ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ხელში საქართველოს კონსტიტუციას იღებს, კითხულობს კონსტიტუციის პირველი მუხლის პირველ პუნქტს და ხვდება, რომ თუ სამჯერ არა, ორჯერ მაინც. თურმე, საქართველოს დამოუკიდებლობა ჯერ 1918 წლის 26 მაისს აღდგა, შემდეგ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით დადასტურდა, და ბოლოს, აი საოცრებავ, 1991 წლის 9 აპრილს რატომღაც კიდევ ერთხელ ხდება საჭირო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება. კი მაგრამ, თუ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ჯერ 1918 წლის 26 მაისს აღდგა, შემდეგ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დადასტურდა, მაშინ რა საჭირო იყო 1991 წლის 9 აპრილს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის” მიღება?
ნებისმიერი სამართლებრივი დოკუმენტი, მათ შორის სახელმწიფოს კონსტიტუცია, უნდა იწერებოდეს ნათელი და გასაგები ენით. ორაზროვნებისათვის ადგილი არ უნდა რჩებოდეს. საქართველოს კონსტიტუციის კითხვისას ნებისმიერმა ადამიანმა, მათ შორის ინგლისელმა ალისამაც, თავი ისე არ უნდა იგრძნოს, როგორც ალისამ ცნობილი ინგლისელი მწერლის ლუის ქეროლის საბავშვო ზღაპარში: „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“.
ვფიქრობ, საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის პირველ პუნქტში არსებული ლოგიკური შეუსაბამობის დასაძლევად უკეთესია შემდეგი ფორმულირება:
„1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგის გათვალისწინებით, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველზე საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო“.

კახაბერ როდინაძე

About these ads